ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდების საქმე - კიევი მოსკოვის ბრალდებებს უარყოფს


რუსი კანონმდებლის, თადარიგის გენერალ ანდრეი კარტოპოლოვის თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვას ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩამოგდებულ რუსულ სამხედრო თვითმფრინავში, უკრაინელი ომის ტყვეები იმყოფებოდნენ. რუსეთი უკრაინას ბელგოროდის რეგიონში "Ilyushin II-76"-ის - იმ თვითმფრინავის ჩამოგდებაში ადანაშაულებს, რომელითაც, მოსკოვის მტკიცებით, ტყვეთა გაცვლის მიზნით, 65 უკრაინელი ტყვე გადაჰყავდა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა.

კანონმდებელი ამბობს, რომ უკრაინის სამხედრო დაზღვარვას, ამ თვითმფრინავის შესახებ, იქამდე 15 წუთით ადრე აცნობეს, სანამ იმ სივრცეში შევიდა, სადაც ჩამოაგდეს. პარტია "ერთიანი რუსეთის" ცნობით, კარტოპოლოვმა კანონმდებლებს უთხრა, რომ კიევმა მაშინ გაფრთხილების მიღება დაადასტურა.

რუსეთის საგამოძიებო კომოიტეტი აცხადებს, რომ თვითმფრინავი უკრაინული წარმოების მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტითაა ჩამოგდებული. უკრაინა უარყოფს, რომ ის თვითმფრინავის შესახებ გააფრთხილეს და რუსეთის მიერ, ინციდენტის თაობაზე გავრცელებულ სხვა დეტალებსაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. თუმცა, თვითმფრინავის ჩამოგდებას არც ადასტურებს და არც - უარყოფს. კიევი საერთაშორისო გამოძიებას ითხოვს.

უკრაინის სამხედრო დაზვერვა ამბობს, რომ რუსეთს ის ფრენის თაობაზე არ გაუფრთხილებია. უწყების პრეს-სპიკერი, ანდრი იუსოვი ამბობს, რომ პირიქით, პატიმართა გაცვლის წინა შემთხვევებისგან განსხვავებით, კიევს ახლა კონკრეტულ საჰაერო სივრცეში თავდასხმისგან თავის შეკავების მოთხოვნა არ მიუღია.

"ამ ბრალდებებს არანაირი მტკიცებულება არ ამყარებს, ჩვენ არც თვითმფრინავის ნარჩენები გვინახავს და არც კონკრეტული ადამიანების ბორტზე ყოფნის მტკიცებულება", - თქვა მან ხუთშაბთს, ეროვნული მაუწყებლის ეთერში.

XS
SM
MD
LG