ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა დიასპორის წარმომადგენლებს ორმაგ მოქალაქეობას სთავაზობს


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საზღვარგარეთ მყოფ უკრაინელებს მადლობას უხდის მათი მხარდაჭერისთვის და მათ ორმაგ მოოქალაქეობას სთავაზობს. თუმცა ამისთვის კონსტიტუციის ცვლილებაა საჭირო.

ზელენსკი ამბობს, რომ ის პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს ორმაგი მოქალაქეობის შესახებ, რაც პრეზიდენტის მხრიდან 1919 წლის აღმოსავლეთ და დასავლეთ უკრაინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გაერთიანების აღმნიშვნელ "ერთიანობის დღეს" სიმბოლური ჟესტი იყო.

ზელენსკიმ ამავე დღეს გამოსცა განკარგულება, რომელიც იმ ეთნიკურად უკრაინელების უფლებებისა და იდენტობის დაცვას ეხება, ვინც დღემდე რუსეთში ცხოვრობს - 4 მილიონი უკრაინელი. ეს რუსეთში უცხოური დიასპორის ყველაზე დიდი ჯგუფია.

უკრაინის კონსტიტუცია ორმაგი მოქალაქეობის უფლებას არ უზრუნველყოფს, ასე რომ მილიონობით წარმოშობით უკრაინელ მოქალაქეს, ვინც საზღვარგარეთ ცხოვრობს და უცხოური მოქალაქეობა აქვს, არ აქვს შესაძლებლობა უკრაინული პასპორტი შეინარჩუნოს.

"დღეს მე უმაღლეს რადას წარვუდგენ მნიშვნელოვან კანონპროექტს, რომელიც გულისხმობს მრავლისმომცველ საკანონმდებლო ცვლილებებს და რამდენიმე მოქალაქეობის ცნების შემოღებას", - თქვა ზელენსკიმ ვიდეო-მიმართვაში.

"ეს მისცემს ეთნიკურად ყველა უკრაინელს და მათ შთამომავლებს მთელ მსოფლიოში, რომ ჰქონდეთ ჩვენი პასპორტი. ცხადია, აგრესორი ქვეყნის მოქალაქეების გარდა", - განმარტა პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა დიასპორის წარმომადგენლებს უკრაინის მხარდაჭერისთვის.

კონსტიტუციის ცვლილება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. თუმცა ეს პროცესი შესაძლოა მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდეს და საკონსტიტუციო სასამართლოს დასტურიც გახდეს საჭირო.

XS
SM
MD
LG