ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის სავარაუდო თავდასხმის შემდეგ, რუსეთმა საწვავის ტერმინალის მუშაობა შეაჩერა


კვირას რუსულმა ენერგო კომპანია „ნოვატეკმა“ განაცხადა, რომ იძულებული იყო ბალტიის ზღვაზე არსებული საწვავის საექსპორტო დიდი ტერმინალის ზოგიერთი ოპერაცია შეეჩერებინა ხანძრის გამო, რომლის შესახებაც უკრაინული მედიაში იუწყებოდნენ, რომ ის დრონით თავდასხმის შედეგად გაჩნდა.

სანქტ-პეტერბურგიდან, დაახლოებით, 170 კილომეტრით დაშორებულ, ფინეთის ყურეში მდებარე უსტ-ლუგას გიგანტურ კომპლექსს, ნავთობის და გაზის პროდუქტების საერთაშორისო ბაზრებზე გასატანად იყენებენ. კომპლექსში, გაზის სტაბილურ კონდენსატს - მსუბუქი ნავთობის ტიპს - საზღვაო გზით გასატანად მსუბუქ და მძიმე ნავთობად, ნავთად და დიზელად გადაამუშავებენ.

ცნობილი არ არის რამდენი ხნით გაგრძელდება შეფერხება, რამდენ ტანკერს მოუწევს პორტთან უქმად დგომა და საერთაშორისო ენერგო-ბაზრებზე ამას როგორი გავლენა ექნება.

რეგიონული ადმინისტრაციის მიერ „ტელეგრამზე“ გამოქვეყნებული ცნობის თანახმად, მეზობელ ლენინგრადის ოლქში, კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები სიფრთხილის გაძლიერებულ რეჟიმში გადაიყვანეს. უშიშროების დანაყოფებს და სამართალდამცავებს ნებისმიერი აღმოჩენილი დრონის განადგურება უბრძანეს.

„ინტერფაქს-უკრაინა“ ახალი ამბების სააგენტომ მოახდინა ანონიმური წყაროების ციტირება, რომლებმაც განაცხადეს, რომ ხანძარი უკრაინის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩატარებული საგანგებო ოპერაციის შედეგი იყო.

„უსტ-ლუგა“ ნავთობის ტერმინალი... მტრის მნიშვნელოვანი ობიექტია. იქ საწვავის გადამუშავება ხდება, რომელიც სხვა საქმეებთან ერთად რუსულ ჯარსაც მიეწოდება“, თქვა ერთმა წყარომ.

„ასეთ ტერმინალზე წარმატებული თავდასხმა მტერს არა მხოლოდ ეკონომიკურ ზიანს აყენებს... ის ამასთანავე რუსული სამხედრო მანქანისთვის საწვავის ლოგისტიკასაც მნიშვნელოვნად ართულებს.“

„როიტერმა“ ვერ შეძლო დადასტურებული ინფორმაციის მიღება, რომ ხანძარი უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგი იყო.

თუ ეს ასეა, ამგვარ თავდასხმას შეეძლება აჩვენოს კიევის უნარი, რუსეთის ტერიტორიის უფრო მეტ სიღრმეში აწარმოოს დარტყმები ადგილობრივი წარმოების დრონებით იმ დროს, როდესაც ბრძოლის ველზე თავდაცვით პოზიციაზეა და ცდილობს დასავლეთისგან მისთვის უაღრესად საჭირო ფინანსური დახმარება მიიღოს.

ასეთმა თავდასხმამ შეიძლება ასევე გააჩინოს კითხვები რუსული ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების ხარისხზე, რომელიც საკვანძო ინფრასტრუქტურული ობიექტების გარშემოა განლაგებული.

XS
SM
MD
LG