ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოსკოვი: უკრაინამ ჩამოაგდო თვითმფრინავი, რომელშიც უკრაინელი ჯარისკაცები იყვნენ


რუსეთმა უკრაინა რუსული სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავის განზრახ ჩამოგდებაში დაადანაშაულა, რომელშიც, მოსკოვის მტკიცებითვე, ტყვეთა გაცვლის მიზნით, 65 უკრაინელი ჯარისკაცი იმყოფებოდა. რუსეთმა, ამას "ბარბაროსული ტერორისტული აქტი" უწოდა და თქვა, რომ მომხდარის შედეგად სულ 74 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინის მოსაზღვრედ მდებარე ქალაქ ბელგოროდთან ჩამოგდებულ თვითმფრინავში ეკიპაჟის ექვსი რუსი წევრი და სამი რუსი ჯარისკაცი იმყოფებოდნენ.

„უკრაინის მმართველებმა კარგად იცოდნენ, რომ დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად, გაცვლის მიზნით, უკრაინელ სამხედროებს ბელგოროდის აეროდრომზე გადავიყვანდით. ადრინდელი შეთანხმების თანახმად, ეს ღონისძიება ნაშუადღევს უნდა განხორციელებულიყო, რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, კოლოტილოვკის საგუშაგოზე“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

"ამ ტერორისტული აქტის განხორციელებით უკრაინის ხელმძღვანელობამ აჩვენა თავისი ნამდვილი სახე. მან უგულებელყო საკუთარი მოქალაქეების სიცოცხლე", - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა საინფორმაციო სააგენტო „როიტერს“ განუცხადა: „კომენტარები ცოტა მოგვიანებით გაკეთდება. ყველა მონაცემის გასარკვევად დროა საჭირო“.

უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპიკერმა, ანდრეი იუსოვმა „რადიო თავისუფლების“ რუსულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა, რომ პატიმრების გაცვლა ოთხშაბათს იყო დაგეგმილი და ასევე თქვა, რომ „ახლა ეს არ ხდება“.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს, კომენტარის თხოვნით მიმართა საინფორმაციო სააგენტო „როიტერმა“, თუმცა სააგენტოს თქმით, უწყებას ამ დრომდე არ უპასუხია. სამინისტროს კომენტარს რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ უკრაინის სამინისტროს განცხადებით, მომხდარის შესახებ ამჟამად სანდო ცნობები არ აქვთ და ინფორმაციას ამგვარი მონაცემების მოპოვების შემდეგ გაავრცელებენ.

XS
SM
MD
LG