ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

CIA-ს ახალი ვიდეო რუსი აგენტების გადაბირებას ისახავს მიზნად


ამერიკის შეერთებული შტატების, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) რუსი აგენტების გადაბირებას ცდილობს და სოციალურ ქსელ „ექსში“ ახალ ვიდეოს ავრცელებს. ვიდეო რუსულენოვანია და მისი მიზანია, მოიზიდოს რუსი აგენტები, რომლებიც ამერიკის შესაბამის უწყებებს ინფორმაციას მიაწვდიან.

ჯერ კიდევ ივლისში, ამერიკის სადაზვერვო სამსახურის ხელმძღვანელმა, უილიამ ბერნსმა თქვა, რომ უკრაინაში რუსეთის ომი, რუს ჯაშუშთა ნაწილში უკმაყოფილებას იწვევდა და ეს იყო ის იშვიათი შესაძლებლობა, როცა ამერიკის სადაზვერვო სამსახურს შეეძლო მოეზიდა, რუსი აგენტები ორმაგი ჯაშუშის სტატუსით.

სარეკლამო რგოლი რომელიც ამერიკის სადაზვერვო სამსახურმა გაავრცელა, იმ რუსებზეა გათვლილი, რომლებიც უკმაყოფილონი არიან ელიტარულ წრეებში არსებული კორუფციით და რუსეთის შეიარაღებული ძალების არასრულფასოვანი აღჭურვილობით.

„თქვენს გარშემო მყოფებს შეიძლება არ სურდეთ სიმართლის მოსმენა. მაგრამ ჩვენ გვსურს. თქვენ არ ხართ უძლური“,- ნათქვამია ვიდეოში და აღნიშნულია, რომ რუსეთის „უმაღლესმა ხელმძღვანელობამ გაყიდა ქვეყანა სახლებისთვის და იახტებისთვის მაშინ, როცა რუსი სამხედროები იბრძვიან პრეისტორიული იარაღებით“. ამავე ვიდეოში ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო სვამს კითხვას: „მაქვს საკმარისი გამბედაობა, რომ დავუპირისპირდე ამ ღალატს?“

მსურველთათვის ვიდეოს თან ერთვის ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება დაუკავშირდეს ესა თუ ის პირი ამერიკის სადაზვერვო სამსახურს უსაფრთხო არხებით.

გავრცელებულ ვიდეოს კრემლში მალევე უპასუხეს. კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ვიდეო დეზინფორმაციის მატარებელია. პესკოვის თქმით, რუსეთში კორუფცია არ არის.

„მოგეხსენებათ, ეს პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია, სადაზვერვო სააგენტოები ასეთ ხერხს მთელს მსოფლიოში ხშირად მიმართავენ და იყენებენ მედიას და სოციალურ ქსელებს ახალი თანამშრომლების ასაყვანას. ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო ამას ყოველწლიურად აკეთებს“,- ამბობს პესკოვი სააგენტო „როიტერთან“ საუბარში.

კრემლის პრესსპიკერმა ამერიკის სადაზვერვო სამსახურს ურჩევს მომდევნო ვიდეო სოციალურ ქსელ „ექსზე“ აღარ გაავრცელოს რადგან ის რუსეთში დაბლოკილია.

„რუსეთში „ვკონტაქტეს“ აუდიტორია გაცილებით დიდია“, - ამბობს პესკოვი და ფიქრობს, რომ ამ ტიპის ვიდეოს გავრცელება უფრო აქტუალური „ვკონტაქტეში“ იქნებოდა, სოციალურ ქსელში რომელსაც რუსეთში და არა მხოლოდ რუსეთში მილიონობით ადამიანი მოიხმარს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG