ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკამ და ბრიტანეთმა იემენში ჰუთებს ისევ შეუტიეს


ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ემზადება სამხედრო თვითმფრინავი "ტაიფუნი"-FGR4 იემენში ჰუთების ძალებზე იერიშის მისატანად. 22 იანვარი, 2024 წ.
ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აქვეყნებს ფოტოს, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ემზადება სამხედრო თვითმფრინავი "ტაიფუნი"-FGR4 იემენში ჰუთების ძალებზე იერიშის მისატანად. 22 იანვარი, 2024 წ.

პენტაგონის განცხადებით, 21 იანვარს, შეერთებული შტატების და ბრიტანეთის ძალებმა კიდევ ერთი იერიში მიიტანეს, იემენში, ჰუთ მებრძოლებზე.

ვაშინგტონის და ლონდონის სამიზნე ჰუთების მიწისქვეშა საწყობები, ასევე სარაკეტო და სათვალთვალო შესაძლებლობების დაზიანება იყო. ამ შესაძლებლობებს, ირანის მხარდაჭერილი ჯგუფი წითელ ზღვაში მოძრავი კომერციული გემების წინააღმდეგ იყენებს.

უახლეს საპასუხო იერიშში, ამერიკის და ბრიტანეთის ძალებმა, ავსტრალიის, ბაჰრეინის, კანადისა და ნიდერლანდების მხარდაჭერით, იემენში რვა სხვადასხვა ობიექტს შეუტიეს.

ერთ-ერთმა ამერიკელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა, რომელიც საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრა, თქვა, რომ დაახლოებით 25-დან 30-მდე რაკეტა იქნა გასროლილი, ზოგიერთი მათგანი - ამერიკული ავიამზიდის გამოყენებით.

ჰუთები, რომლებიც იემენის ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ნაწილს აკონტროლებენ, სოლიდარობას უცხადებენ "ჰამასის" პალესტინელ მებრძოლებს და ამბობენ, რომ მათი თავდასხმები წითელ ზღვაში ისრაელის წინააღმდეგ ხორციელდება, რომელიც ღაზის სექტორში "ჰამასს" ებრძვის.

შეერთებულმა შტატებმა 17 იანვარს განაცხადა, რომ ჰუთები ტერორისტების სიაში შეჰყავს. განკარგულება ძალაში 16 თებერვალს შედის, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა იქვე აღნიშნა, რომ თუკი ჰუთები შეწყვეტენ თავდასხმებს წითელ ზღვასა და ადენის ყურეში, ამერიკამ შესაძლოა გადაწყვეტილებას გადახედოს და ის შეცვალოს.

ბოლო კვირების განმავლობაში წითელ ზღვაში ვითარება განსაკუთრებით დაიძაბა. ჰუთმა მებრძოლებმა არაერთ საერთაშორისო კომერციულ ხომალდზე მიიტანეს იერიში, რამაც შეაფერხა სავაჭრო გადაზიდვები და გააჩინა გლობალური ინფლაციის შიში. შეერთებულმა შტატებმა ბრიტანეთთან ერთად, საპასუხოდ, იემენში ჰუთების სამხედრო ობიექტებზე მიიტანა საჰაერო იერიში. ამ ფონზე, ღრმავდება შეშფოთება ისრაელ-"ჰამასის" ომის რეგიონში უფრო ფართოდ გავრცელების თაობაზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG