ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა მსოფლიო მედიის ობიექტივში


უკრაინაში განვითარებული კრიზისი მთელი მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს. საჯარო სივრცეში ბევრი განსხვავებული მოსაზრება გამოითქმება იმასთან დაკავშირებით თუ ვინაა დამნაშავე და რა უნდა გაკეთდეს.

„ვაშინგტონ პოსტში“ ჰენრი კისინჯერის კომენტარის საპასუხოდ, ბენ კარნის სარედაქციო სტატია გამოქვეყნდა სათაურით: „კისინჯერის მცდარი და შეურაცხმყოფელი ანალიზი“. ბენ კარნი კონგრესმენ ტრენტ ფრენკის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და კონგრესის უკრაინული ასოციაციის პრეზიდენტია.

ავტორის აზრით, კისინჯერის მცდარი ანალიზი, შესაძლოა მისი კარიერის განმავლობაში, საბჭოთა კავშირთან ხანგრძლივი ურთიერთობის ბრალი იყოს. კისინჯერი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინას უცხო სახელმწიფოდ არ განიხილავს, რუსეთის ისტორია კიევის რუსეთიდან დაიწყო და საუკუნეების განმავლობაში უკრაინა რუსეთის ნაწილი იყო.

ავტორი აღნიშნავს, რომ უკრაინის ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში, სასტიკი საბჭოთა პერიოდის ჩათვლით, რუსები უკრაინელების არა მარტო დამორჩილების, არამედ ისტორიის წართმევის მცდელობებსაც მიმართავდნენ, ამტკიცებდნენ რა, რომ უკრაინას საკუთარი ისტორია არ გააჩნდა.

ავტორი ამბობს, რომ უკრაინის კრიზისის მოგვარების თაობაზე სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს, თუმცა, როგორც ბატონი კისინჯერი გვირჩევს, მათი აზრის გაზიარება, ვინც საუკუნეების განმავლობაში უკრაინას ბორკილებს ადებდა, ვერც „დაბალანსებულ“ მიდგომად ჩაითვლება და ვერც კრიზისის განმუხტვას შეუწყობს ხელს.

ბრიტანელი პოლიტიკური მიმომხილველი სეუმას მილნე, სამხრეთ აფრიკულ „მეილ ენდ გარდიანში“ გამოქვეყნებულ კომენტარში აღნიშნავს, რომ „უკრაინის ქაოსი დასავლური ექსპანსიონიზმის ნაყოფია“. რუსების „ჰუმანიტარული“ დაცვის საბაბით ინტერვენციის პუტინისეული გამართლება ავტორს არასერიოზულად მიაჩნია. არც პუტინის კონსერვატიული ნაციონალიზმი და ოლიგარქიული რეჟიმი სარგებლობს საერთაშორისო მოწონებით, მაგრამ, ავტორის აზრით, რუსეთის შეზღუდულ როლს, როგორც დასავლეთის ერთპიროვნული ძალაუფლების საპირწონეს, ასეთი საერთაშორისო მოწონება ნამდვილად აქვს. ავტორი ამბობს, რომ დღევანდელ მსოფლიოში, სადაც შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და მათ მოკავშირეებმა, მორალით შენიღბული უკანონობა ყოველდღიურ ნორმად აქციეს, სხვებიც თამაშის იგივე წესების მორგებას შეეცდებიან. უცხოური ინტერვენციის ესკალაციის საშიშროება აშკარაა.

ავტორი სთავაზობს საქმის მოლაპარაკების გზით მოგვარებას, რაც მოიცავს კიევში ფართო წარმომადგენლობით მთავრობას ფაშისტების გარეშე, ფედერალურ კონსტიტუციას, რომელიც რეგიონის ავტონომიას უზრუნველჰყოფს, ეკონომიკურ მხარდაჭერას, რომელიც მოსახლეობის უმრავლესობას არ გააღატაკებს და ყირიმელი ხალხისთვის საშუალების მიცემას, თვითონ განსაზღვროს საკუთარი მომავალი.

ავტორი ამბობს, რომ ნებისმიერი სხვაგვარი მიდგომა კონფლიქტის გავრცობის საფრთხეს შეიცავს.

„ჯაპან თაიმსში“ გამოქვეყნებულ სარედაქციო წერილში: „ინტერესთა ბალანსი უკრაინაში“ ნათქვამია, რომ პუტინმა სავსებით აშკარად წარმოაჩინა საკუთარი მიზნები და მეთოდები. სოჭის წარმატებული ოლიმპიადის ბრწყინვალებაც გახუნდა და პუტინისთვის ნობელის პრემიის მინიჭების თაობაზე ლაპარაკიც გაქრა იმის გამო, რომ მან თავი აშკარად ავტორიტარულ მმართველად და საერთაშორისო სამართლის უგულებელმყოფელად წარმოაჩინა.

წერილში ნათქვამია, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენები იაპონიის მთავრობას დილემის წინაშე აყენებს. ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ მოსკოვის საერთაშორისო იზოლირებამ შესაძლოა ამ უკანასკნელს იაპონიასთან თანამშრომლობის სურვილი გაუძლიეროს, თუმცა ყირიმში ჩადენილმა ქმედებამ ყოველგვარი ილუზია უნდა გაფანტოს იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინი მზად არის ჩრდილოეთის ტერიტორიების სადავო კუნძულების გადასაცემად.

სარედაქციო წერილში ნათქვამია, რომ რუსეთიდან ენერგომომარაგების საჭიროების მიუხედავად, იაპონია არ უნდა გამოჩნდეს ისეთ პოზიციაზე, თითქოს დასავლეთის მიმართ სოლიდარობას არ იჩენს. ავტორის აზრით, იაპონიამ უაღრესად ფრთხილი დიპლომატიური ნაბიჯებით უნდა მოახერხოს უკრაინაში რუსული ინტერესების აღიარება და იმავდროულად ეს სუვერენული სახელმწიფოს დანაწევრების აღიარების გარეშე გააკეთოს.

„ვაშინგტონ პოსტმა“ გამოაქვეყნა უკრაინელი მწერლის, ანდრეი კურკოვის კომენტარი სათაურით: „უკრაინაში აქამდე შეთანხმებული ვიყავით იმაზე, რომ გვქონოდა უთანხმოება“.

ავტორი ამბობს, რომ უკრაინის რევოლუციებს ადრე სეზონურ მოვლენად აღიქვამდა, თითქოს შემოდგომაზე, მოსავლის აღების შემდეგ უნდა დაწყებულიყო და საგაზაფხულო თესვამდე დამთავრებულიყო. ამჯერად კი გაზაფხული სამშაბათ დილით დადგა, როცა რუსეთმა უკრაინულ ჯარს ულტიმატუმი წაუყენა, დილის 5 საათისთვის დანებებულიყვნენ ან შეიარაღებული თავდასხმა მიეღოთ.

ავტორის თქმით, როცა უკრაინული ჯარი არ დანებდა და რუსეთმა თავდასხმა არ განახორციელა, ომის თავიდან აცილების გამო მან შვება იგრძნო, თუმცა მიაჩნია, რომ უკრაინაში ახლა უფრო გაღრმავდა შინაგანი გათიშულობა და შიშობს, რომ როცა პუტინი სარკეში იყურება, ის იქ სტალინს ხედავს 1945 წლის 9 მაისს, რომელიც წითელ მოედანზე გამარჯვების აღლუმის მისაღებად ემზადება.
XS
SM
MD
LG