ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინელი ლიდერი დიპლომატიური "შეტევისთვის" ემზადება


უკრაინის პრემიერ მინისტრი არსენი იაცენიუკი ამერიკაში დაგეგმილი ვიზიტით დიპლომატიური შეტევისთვის ემზადება.

ოთხშაბათს ის თეთრ სახლში პრეზიდენტ ობამას ხვდება. ორი ქვეყნის ლიდერი ყირიმში არსებულ ჩიხურ სიტუაციას და კრიზისიდან გამოსვლის გზებს განიხილავს.

ამ ფონზე, ცნობილია, რომ ყირიმის მთავრობამ, 16 მარტს არჩევნების მონიტორინგის მიზნით, უკვე მიიწვია ეუთოს დამკვირვებლები.

გასულ კვირას, შეიარაღებულმა პირებმა ეუთოს დამკვირვებლები ყირიმში სამჯერ არ შეუშვეს.

გასულ კვირასვე, კიევში ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს და ხაზინის დეპარტამენტის აგენტები ჩავიდნენ, რათა უკრაინის დროებით ლიდერებს ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობის მიერ ჩადენილი ფინანსური დანაშაულის გამოძიებაში დაეხმარონ. მათი მიზანი მილიარდობით დოლარის უკრაინის ახალი მთავრობისთვის დაბრუნება იქნება. ამერიკული ოფიციალური უწყებების დახმარების სურვილს უკრაინაში აშშ-ს ელჩი ჯეფრი პაიატი ადასტურებს, და ამბობს, რომ “აშშ დაინტერესებული მთავრობასთან მუშაობით და ამ გამოძიების მხარდაჭერით.”

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი კი აცხადებს, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის წინადადებები გულისხმობს იმ პროცესის ხელშეწყობას, რომელიც სახელმწიფო გადატრიალების საფუძველზე დაიწყო.

მოსკოვს, ამასთან, არაერთხელ უთქვამს, რომ უკრაინის პრეზიდენტის განდევნა ქვეყნის მეთაურის არალეგიტიმურად დამხობა იყო. ლავროვმა დასძინა, რომ ჯონ კერიმ რუსეთში ჩასვლის სურვილი გამოთქვა, თუმცა შემდეგ ეს გადაიფიქრა და ვიზიტი გადადო.

რუსული მხარე იტყობინება, რომ საკუთარ წინადადებებს წამოაყენებს კრიზისის დაძლევის მიზნით.

XS
SM
MD
LG