ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინის მოქმედი პრემიერი გაეროში ვიზიტისთვის ემზადება


უკანასკნელი ათი დღის განმავლობაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭო უკრაინის საკითხთან დაკავშირებით უკვე მეხუთედ შეიკრიბა. ამ საკითხზე საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებამ მას შემდეგ იმატა, რაც რუსეთმა ყირიმის ანექსიის მცდელობა გააძლიერა.

ამ კვირაში, ნიუ იორკში უკრაინის დროებითი მთავრობის პრემიერ მინისტრი ჩადის, რომელიც რეფერენდუმამდე რამდენიმე დღით ადრე გაეროს მხარდაჭერის მოპოვებას შეეცდება.

15 სახელმწიფოს წარმომადგენლებისგან შემდგარმა უშიშროების საბჭომ გაეროში დახურულ კარს მიღმა შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საბჭოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელმა ჯეფრი ფელტმანმა და გაეროში უკრაინის ელჩმა იური სერგეევმა უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს.

უსაფრთხოების საბჭოს პრეზიდენტმა გაეროში ლუქსემბურგის ელჩმა სილვია ლუკასმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საბჭო ერთხმად უჭერს მხარს უკრაინის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ ინტეგრაციასა და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას. საბჭოს წევრები ასევე გმობენ ყირიმის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებას რეფერენდუმის ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც მათი განცხადებით, არალეგალურია და ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება.
გაეროში საფრანგეთის ელჩის ჟერარდ აროდის განცხადებით, სიტუაცია უკრაინაში დღითიდღე იძაბება:

„რუსული ჯარები ყირიმში ძალებს იკრებენ. ისინი ავიწროვებენ და უტევენ უკრაინის არმიის სამხედრო განლაგებებს. ყირიმში უკრაინული არხების ტრანსლიაცია შეწყვეტილია. ასე რომ ჩვენ სახეზე გვაქვს რეფერენდუმი, რომლის ორგანიზება რუსეთმა მოახდინა.“

აროდმა მოუწოდა რუსეთს მოლაპარაკებები დაიწყოს და აღნიშნა, რომ თუ რუსეთი ყირიმის ანექსიას მოახდენს, ეს ფაქტი საერთაშორისო ურთიერთობებზე უკიდურესად სერიოზულ და ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენს.
XS
SM
MD
LG