ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინაში რუსეთი ახალ ეპოქას ხსნის: ინტერვიუ ლილია შევცოვასთან


ინტერვიუ ამერიკის ხმის რუსული რედაქციის ჟურნალისტმა ვიქტორ ვასილიევმა ჩაწერა.
ამერიკის ხმა: ქალბატონო ლილია, როგორ უყურებთ ყირიმში რეფერენდუმის იდეას?

ლილია შევცოვა: დღევანდელი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპის, რუსეთის, და გლობალური სამშვიდობო წესრიგისთვის ეს იდეა პრობლემებს ქმნის და მისი შედეგების წინასწარ განსაზღვრა ამ ეტაპზე ჩვენთვის შეუძლებელია. ჩამოვთვლი რამდენიმე ფაქტორს, რომლებიც რეფერენდუმის გადაწყვეტილებას-და პროგნოზირებად შედეგებს-ძალიან საეჭვოს ხდის საერთაშორისო-სამართლებრივი გადასახედიდან.

ამ ეჭვის ფაქტორს, პირველ რიგში, თავად რუსეთის მოქმედებები ბადებს. უპირველეს ყოვლისა, რუსეთის ხელისუფლება მხარს უჭერს რეფერენდუმს, და ამით, ყირიმის ფაქტობრივ ანექსიას იმ არგუმენტზე დაყრდნობით, რომ უკრაინამ ძველ ფორმატში არსებობა შეწყვიტა.

უკრაინა ახალი სახელმწიფოა-განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა მის ერთერთ ბოლო პრეს-კონფერენციაზე. მაგრამ არ არსებობს იმის არანაირი მტკიცებულება და ფორმალური ნიშანი, რომ დაიღუპა ძველი უკრაინა, რომელიც არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი და ერთობლივი დოკუმენტის ხელმომწერია, მათ შორის რუსეთთან. ამიტომ, ეს საკმაოდ საეჭვო არგუმენტია.

ამასთან ერთად, თუ უკრაინა ახალ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, მაშინ გაუქმებულად უნდა ჩაითვალოს მის მიერ ხელმოწერილი მთელი რიგი დოკუმენტები, მათ შორის შეთანხმება, რომელიც ყირიმში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ყოფნას ითვალისწინებს.

ამერიკის ხმა: კრემლს სხვა არგუმენტებიც აქვს.

ლილია შევცოვა: დიახ, მაგალითად ის, რომ უკრაინის დღევანდელი მთავრობა არალეგიტიმურია. კრემლი ამ არგუმენტს აფუძნებს იმას, რომ დღევანდელი უკრაინის მთავრობა არ მისდევს 21 თებერვლის შეთანხმებას, რომელიც ოპოზიციამ პრეზიდენტ იანუკოვიჩთან გერმანიის, საფრანგეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შუამდგომლობით გააფორმა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ამ შეხვედრაზე დამსწრე რუსმა წარმომადგენელმა ვლადიმირ ლუკინმა შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. ახლა კი რუსეთის მიერ დამოწმება იმ შეთანხმებისა, რომელსაც მანვე არ მოაწერა ხელი, სულ ცოტა აბსურდულია. უფრო მეტიც, რუსეთი მხარს უჭერს იანუკოვიჩს, რომელიც ხელმოწერის შემდეგ ქვეყნიდან გაქრა.

ამერიკის ხმა: ამ კონტექსტში, რამდენად ნიშანდობლივი იყო გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა უკრაინის საკითხზე?

ლილია შევცოვა: დიახ, უკრაინის საკითხი გაეროს უშიშროების საბჭომ განიხილა და მან დამაჯერებლად არ მიიჩნია რუსული მხარის მტკიცებულებები უკრაინის მთავრობის არალეგიტიმურობასთან და პრინციპში-უკრაინის სახელმწიფოს ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. თვით ჩინეთმაც კი არ დაუჭირა მხარი რუსეთის არგუმენტაციას, არამედ პირიქით-უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის თეზისს მისცა ხმა.

შემდგომ, რუსეთი ფაქტობრივად მხარს უჭერს რა ყირიმის ანექსიას, დე-ფაქტო ( მრავალი წყაროს თანახმად ყირიმში რუსეთის ჯარები იმყოფებიან) და დე-იურედ ხელს უწყობს ყირიმის ავტონომიურ მთავრობას რუსეთთან შეერთების მექანიზმი ჩამოაყალიბოს , მოსკოვში კი ამ პროცესის ლეგიტიმაციის მექანიზმს იწყებს. აქაც, ის საკუთარი ლოგიკის საწინაამდეგოდ მოქმედებს, რამეთუ ბოლო დრომდე რუსეთი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის თეზისს იცავდა. და სწორედ ტერიტორიული მთლიანობის დაცვის პრინციპით რუსეთმა ჩეჩნეთის ომები აწარმოა.

ასევე, უნდა გამოვიდეთ იქიდან, რომ რეფერენდუმი ყირიმში უკრაინიდან გამოყოფასთან და რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით ჩაივლის იმ სიტუაციაში, რომელიც არასწორია ლეგიტიმურობის, დემოკრატიულობის და არჩევნების გამჭვირვალობიდან გამომდინარე. იმიტომ, რომ რეფერენდუმი რუსეთის ხელისუფლების ოკუპაციის პირობებში ჩატარდება.

ეს ოკუპაცია საკმაოდ დამაჯერებლად დასტურდება. ის ფაქტი, რომ მოსკოვი ხელს უშლის ეუთოს მონიტორინგს და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლებს ყირიმში შესვლას და იქ თავისუფლად გადაადგილებას, თავად ამის მაგალითია.

ამერიკის ხმა: რა შეიძლება მოჰყვეს რუსეთის მოქმედებას უკრაინაში?

ლილია შევცოვა: მოსკოვის პოზიცია, ფაქტობრივად ანადგურებს შეთანხმებით-პოლიტიკურ გარემოს, რადგან რუსეთი ბუდაპეშტის მემორანდუმის ხელმომწერია, რომლის თანახმად მოსკოვი, აშშ-სთან, საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან ერთად უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტად გამოდიოდა. ამგვარად, რუსეთი, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის გარანტია, ქმნის მისი განადგურების პირობებს.

რუსეთი, ოცდამეერთე საუკუნეში, ქმნის ანშლუსების პრეცედენტს-პრაქტიკას, რომელიც კიდევ ერთმა დერჟავამ გამოიყენა მეოცე საუკუნეში და რამაც მეორე მსოფლიო ომი გამოიწვია. მე ვგულისხმობ გერმანიის მიერ სუდეტების დაპყრობას, გერმანულენოვანი უმცირესობის დაცვის საბაბით. თავად ეს პრეცედენტი ასევე წარმოადგენს ევროპისა და ევრაზიის მანამდე არსებული უსაფრთხოების გარანტიების მოშლას.

არსებითად, ის რაც ხდება და რაც მოსალოდნელია 16 მარტის შემდეგ, პრაქტიკულად ისტორიის მთელ თავს ასრულებს, იმდენად რამდენადაც თავისი მოქმედებით კრემლი აბათილებს მთელს პოსტ-საბჭოთა პერიოდს და გვაბრუნებს განვითარების კომუნისტურ, საბჭოთა პერიოდში.

ამასთან ერთად, რუსეთი არღვევს ახალი წესრიგის საფუძვლებს, აყენებს რა საფრთხის ქვეშ არა მხოლოდ დანარჩენ მსოფლიოსთან საკუთარი ურთიერთობის პრინციპებს, არამედ საკუთარ თავს რევანშისტ სახელმწიფოდ და შესაძლოა სოციალურად განკიცხულ სახელმწიფოდაც აქცევს.

ამერიკის ხმა: და რას მოიგებს ამ შემთხვევაში რუსეთი?

ლილია შევცოვა: მას საერთაშორისო თვით-იზოლაციამდე და კოვბოის ისეთ სახემდე მიჰყავს საქმე, რომელიც წესების გარეშე მოქმედებს. ეს განსაკუთრებით არახელსაყრელი სიტუაციაა რუსეთის განვითარებისთვის და საერთოდ-მისი ინტერესების განხორციელებისთვის-როგორც მთელს მსოფლიოში ისე ქვეყნის შიგნით.

კრემლმა მსოფლიო განვითარებაში ეპოქა გახსნა, როცა ყველა კარტი გახსნილია და იწყება ახალი წესების ფორმულირება. რუსეთი მსოფლიოს სთავაზობს ეპოქას, როცა ყველა ყველას წინააღმდეგ იქნება, როცა არავინ იციხ რომელი სახელმწიფო რას ამზადებს და როცა საერთაშორისო შეთანხმებები არაფერს ნიშნავს: მათ სანაგვეში ყრიან, ვინაიდან ისინი არავის არაფერში სჭირდება. ვის და რას შეუძლია აქ გამარჯვებას მიაღწიოს?

XS
SM
MD
LG