ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინას აღდგენისთვის 500 მილიარდამდე დოლარი სჭირდება - მსოფლიო ბანკი


უკრაინის ეკონომიკის აღდგენას ორწლიანი ომის შემდეგ დაახლოებით 486 მილიარდი დოლარი სჭირდება, თითქმის სამჯერ იმაზე მეტი, რასაც 1 წლის წინ ვარაუდობდნენ. ამ შეფასებას მსოფლიო ბანკი, გაერო, ევროკომისია და უკრაინის მთავრობა ერთობლივად აქვეყნებენ.

დაახლოებითი შეფასება ხუთაბათს გამოქვეყნდა და 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს. იგულისხმება შენობა-ნაგებობებისა და სხვა ინფრასტრუქტურის ფიზიკური ზიანი, ადამიანების, მათი ცხოვრებისა და საცხოვრებელი გარემოსთვის მიყენებული ზიანი თუ ზარალი და აღდგენისთვის საჭირო ხარჯები.

გასული წლის მარტში ვარაუდობდნენ, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში ეს თანხები 411 მილიარდი დოლარი იქნებოდა. მათგან 80 მილიარდზე მეტი საცხოვრებელი სახლებისთვის იქნებოდა საჭირო. ტრანსპორტისთვის - 74 მილიარდი, კომერციული და ინდუსტრიული სფეროს აღსადგენად კი - 67.5 მილიარდი.

მსოფლიო ბანკის ანგარიშში ნათქვამია, რომ ომის უშუალო, პირდაპირი და ფიზიკური ზიანი 152 მილიარდ დოლარს აჭარბებს. უმთავრესად კი ეს ყველაფერი დონეცკის, ხარკივის, ლუჰანსკის, ზაპორიჟიის, ხერსონისა და კიევის რეგიონებშია თავმოყრილი. ეკონომიკისა და ვაჭრობისთვის შექმნილი პრობლემები, ისევე როგორც სხვა ხარჯები, გაწმენდითი თუ სხვა სამუშაოები კიდევ 500 მილიარდი დოლარდის საჭიროებას ქმნის.

XS
SM
MD
LG