საინფორმაციო სააგენტო "როიტერი" სამ რუსულ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის წინადადება წარადინა, თუმცა ამერიკამ ის უარყო.
წყარო, რომელსაც სააგენტომ კომენტარისთვის ამერიკაში მიმართა, ამბობს, რომ ოფიციალურ დონეზე მსგავსი განხილვა არ მომხადა. ის ასევე ამბობს, რომ ამერიკა არასდროს ჩაერთვება განხილვაში, სადაც უკრაინა არ მიიღებს მონაწილეობას.
სააგენტოსთვის ინფორმაციის მიმწოდებელი პირების თანახმად, 2023 წელს, პუტინმა "სიგნალები გაუგზავნა ვაშინგტონს" საჯარო და კერძო შუამავლების მეშვეობით, მათ შორის, მოსკოვის არაბი პარტნიორების და სხვების მეშვეობით. რუსული წყაროების თქმით, ამ გზავნილების მთავარი იდეა ის იყო, რომ პუტინი მზად იყო უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა განეხილა.
გავრცელებული ამ ინფორმაციის მიხედვით, პუტინი ამერიკას სთავაზობდა, რომ კონფლიქტი არსებულ მდგომარეობაში გაყინულიყო. ეს გულისხმობს, რომ რუსეთი არ დათმობდა უკრაინის იმ ტერიტორიებს, რომელსაც ის უკვე ფიზიკურად აკონტროლებდა. გავრცელებული ინფორმაციით, კრემლში ეს იმჟამად საუკეთესო ვარიანტად ესახებოდათ გარკვეული მშვიდობის დასამყარებლად.
"ამერიკელებთან კონტაქტმა არაფერთან არ მიგვიყვანა", - ამბობს ერთ-ერთი რუსული წყარო, რომელიც "როიტერს" ესაუბრა. მისივე თქმით, ეს განხილვები 2023 წლის დასასრულსა და 2024 წლის დასაწყისში მიმდინარეობდა.
მეორე წყარო ამბობს, რომ შუამავლების მეშვეობით, ამერიკამ კრემლს შეუთვალა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას არანაირ განხილვაში უკრაინის გარეშე. ამ წინაპირობის წაყენების შემდეგ კი, განხილვა დასრულდა.
კრემლი უარყოფს "როიტერის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.