ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში გერმანელი ტურისტი აეროპორტში დააკავეს


სანკტ-პეტერბურგის აეროპორტში გერმანელი ტურისტი დააკავეს. ოფიციალურ მიზეზად ნარკოტიკების კონტრაბანდა დასახელდა, თუმცა დეტალურ გაანმარტებაში ნათქვამია, რომ გერმანელი მამაკაცის დაკავების მიზეზი საღეჭი რეზინები გახდა, რომელიც კრემლის სპეციალური ორგანოების მტკიცებით, კანაფს შეიცავს.

რუსეთში მარიხუანა და მისი შემცველი ნივთიერებებით წარმოებული პროდუქტები აკრძალულია, რის გამოც გერმანელი ტურისტი აეროპორტშივე დააკავეს.

„მგზავრმა განმარტა, რომ გასული წლის ბოლოს სამშობლოში ერთ-ერთ სპეციალიზირებულ მაღაზიაში მარიხუანის შემცველი 10 კანფეტი იყიდა.. მამაკაცს რამდენჯერმე ჰქონდა მოვლილი მსოფლიო და გრძელი ფრენების დროს იყენებდა მას მშვიდი ძილისთვის“, - ნათქვამია რუსეთის საბაჟო სამსახურის განცხადებაში.

ოფიციალურ ტექსტს თან ერთვის ფოტომასალაც, სადაც ნაჩვენებია, გერმანული პასპორტის ფოტო და საღეჭი რეზინის ექვსი პაკეტი.

ტურისტს რუსეთში 7 წლამდე პარტიმრობა ემუქრება, რადგან მას ბრალი ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლით წარუდგინეს, რაც რუსეთში სისხლის სამართლის დანაშაულია.

მოსკოვი უკვე წლებია გერმანიისგან ზემილხან ხანგოშვილის მკვლელის გადაცემას ითხოვს, ამ ფონზე კი სანკტ-პეტერბურგში გერმანელი ტურისტის დაკავება შესაძლოა მნიშვნელოვანი ფაქტორი აღმოჩნდეს.

გასულ კვირას „ტაკერ კარლსონთან“ ინტერვიუში რუსეთის პრეზიდენტმა ხანგოშვილის მკვლელის, ვადიმ კრასიკოვის შესახებ ვრცლად ისაუბრა, მას გმირი უწოდა და თქვა, რომ პატიმრების გაცვლაზე მუშაობა მიმდინარეობს. პუტინს ტაკერ კარლსონმა დაკავებული ამერიკელი ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის შესახებ ჰკითხა. გერშკოვიჩი The Wall Street Journal-ის რეპორტიორია, რომელიც „ჯაშუშობის“ ბრალდებით 2023 წლის მარტში დააპატიმრეს. კარლსონმა თქვა, რომ თუ პუტინი ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა, მზად იყო გერშკოვიჩი გადამღებ ჯგუფთან ერთად სამშობლოში დაებრუნებინა. თუმცა პუტინმა უარი თქვა და აღნიშნა, რომ ეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებების საკითხია.

ხანგოშვილი საქართველოს ეთნიკურად ჩეჩენი მოქალაქე იყო. იგი ჩეჩნეთის მეორე ომში რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. ზელიმხან ხანგოშვილი (იგივე თორნიკე ქავთარაშვილი), რომელზეც რუსეთში ძებნა „ტერორიზმის" ბრალდებით იყო გამოცხადებულლი, 2019 წლის 23 აგვისტოს ბერლინში მოკლეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ეჭვმიტანილი, რომელსაც თან ჰქონდა ვადიმ სოკოლოვის სახელზე გაცემული ახალი, ყალბი რუსული პასპორტი. მოგვიანებით დადგინდა, რომ ეს პირი რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომელი ვადიმ კრასიკოვი იყო.

პატიმართა შესაძლო გაცვლის საკითხზე მუშაობა ამერიკისა და რუსეთის სპეციალურ სამსახურებს შორის მიმდინარეობს. გერშკოვიჩთან ერთად ამერიკა რუსეთში დაკავებული ამერიკელი საზღვაო ქვეითის, პოლ უელანის გათავისუფლებასაც ითხოვს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG