ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა დასავლეთიდან კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერას ითხოვს 


უკრაინაში რუსეთის ომის და ევროპაში ბუნებრივ აირზე ფასების ზრდის პარალელურად, კიევი ითხოვს, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გაფართოვდეს და გაძლიერდეს. კრემლი ამტკიცებს, რომ სანქციები ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგებას აფერხებს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება ამბობს, რომ რუსეთი ენერგორესურსებს იარაღად იყენებს და ამიტომ, ძალისხმევა რუსეთის „დასამარცხებლად“ უნდა გაიზარდოს.

კულებას თქმით, "ევროპის კავშირის ქვეყნებში მზარდი ფასების და კომუნალური გადასახადების" მიზეზია რუსეთის „სამხედრო აგრესია უკრაინის წინააღმდეგ" და კრემლის მიერ მართული "ევროკავშირის მოქალაქეთა ენერგეტიკული შანტაჟი". უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის აზრით, შექმნილ ვითარებაში "გამოსავალია: უკრაინის მაქსიმალური მხარდაჭერა, რათა პუტინი უფრო მალე დავამარცხოთ რომ ევროპაც არ დაზარალდეს“. აღნიშნული განცხადება კულებამ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გაავრცელა.

მოსკოვში კი ამბობენ, რომ თუ ევროპა სანქციებს გააფართოვებს, ევროპის კავშირში ბუნებრივი აირის მიწოდება გაზსადენით „ჩრდილოეთის ნაკადი 1“, კიდევ უფრო გართულდება. კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ სანქციები „ქაოსს იწვევს“. „გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოიშვა დასავლეთის სახელმწიფოების, მათ შორის გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მიერ ჩვენს ქვეყანაზე დაწესებული სანქციების გამო,“- თქვა პესკოვმა.

გასულ კვირას გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 1“, რომელსაც კრემლის მიერ მართული "გაზპრომი" განკარგავს, 3 დღით დაკეტილი იყო. მიზეზად რუსეთი ტექნიკურ პრობლემებს და პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებდა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ევროპის ენერგოუსაფრთხოებას ემუქრება, ევროპული სახმელმწიფოები უკრაინის ფართო მხარდაჭერას აგრძელებენ. ისინი აცხადებენ, რომ რუსეთი ენერგორესურსებს მათზე ზეწოლის ბერკეტად იყენებს.

დიდი შვიდეულის ქვეყნები ცდილობენ ნავთობის ექსპორტის ფასზე ლიმიტი დააწესონ, რადგან ექსპორტით მიღებულ მოგებას რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომში იყენებს. პასუხად კრემლში აცხადებენ, რომ ქვეყნები, რომელიც ლიმიტებს დააწესებენ, რუსულ ნავთობს ვეღარ მიიღებენ.

მოსკოვის მიერ ევროპისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხების მიუხედავად, გერმანიის კანცლერი შოლცი ამბობს, რომ ქვეყანა ამ ზამთარს გადაგორებს. კვირას კანცლერმა თქვა, რომ „რუსეთი აღარ არის სანდო ენერგეტიკული პარტნიორი“.

ოლაფ შოლცის მთავრობამ უკვე გამოყო 65 მილიარდი დოლარი, რომლითაც მოსახლეობის ერთჯერადი დახმარება მოხდება. ამას გარდა, საწარმოები საგადასახადო შეღავათებით ისარგებლებენ, რაც ელექტროენერგიაზე ფასების დაბალანსებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას შეუწყობს ხელს.

გასულ კვირაში ასევე ცნობილი გახდა, რომ გერმანიამ ამერიკული თხევადი ბუნებრივი აირის დახმარებით, ზაფხულის განმავლობაში გაზის მარაგის 80 პროცენტით შევსება მოახერხა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG