გერმანიის მთავრობა თანახმაა 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე დაღუპული ისრაელელი სპორტსმენების ოჯახებს $28 მილიონის ოდენობის კომპენსაცია გადაუხადოს. მხარეებს შორის შეთანხმების მიღების თაობაზე განცხადება დღეს გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა.
აგვისტოში დაღუპულთა ოჯახები აცხადებდნენ, რომ ბერლინის მიერ შეთავაზებული კომპენსაციით უკმაყოფილოები იყვნენ. ისინი ოლიმპიურ თამაშებზე მომხდარი თავდასხმის 50 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ცერემონიას ბოიკოტს უცხადებდნენ. ცერემონია ორშაბათს, გერმანიის ქალაქ მიუნხენში იგეგმება.
თუმცა, მოგვიანებით შეთანხმება მაინც მოხდა. გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის განცხადებით, კომპენსაციის უდიდეს ნაწილს $22.5 მილიონს, ქვეყნის ფედერალური მთავრობა გადაიხდის. დარჩენილიდან ბავარიის შტატი $5 მილიონს გადაიხდის და მიუნხენის მერია - $500,000-ს.
1972 წლის 5 სექტემბერს, გერმანიის ცუდად დაცულ ოლიმპიურ სოფელში, შეიარაღებულმა პალესტინელებმა ისრაელის ოლიმპიური გუნდი მძევლად აიყვანეს. ისინი რადიკალური დაჯგუფება "შავი სექტემბრის" წარმომადგენლები იყვნენ. მძევლების გათავისუფლების მცდელობისას, დაიღუპა ისრაელის 11 მოქალაქე, 5 პალესტინელი და 1 გერმანელი პოლიციელი.
Facebook Forum