პალესტინელმა მედიკოსებმა თქვეს, რომ ხუთშაბათს, ოკუპირებული დასავლეთ სანაპიროს ქალაქ ნაბლუსში, გამთენიისას მომხდარი შეტაკების დროს, ისრაელის ძალებმა პალესტინელი მოკლა. ისრაელის არმიამ განაცხადა, რომ ის შეიარაღებული იყო და ჯარისკაცებს ესროდა. პალესტინელები ამას უარყოფენ.
თვითმხილველებმა თქვეს, რომ შეტაკება დაიწყო, როდესაც ისრაელის ძალები იოსების საფლავთან მისული ებრაელი მლოცველების დასაცავად გამოცხადდა. ეს ებრაული სალოცავი, ისრაელ-პალესტინელთა კონფლიქტში ცხელი წერტილი იყო.
პალესტინის წითელმა ნახევარმთვარემ განაცხადა, რომ ოთხ პალესტინელს ესროლეს და ერთი მათგანი, 18 წლის, მოკლეს.
მოგვიანებით, იმავე დღეს, ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე, შვიდ არასამთავრობო ორგანიზაციაში რეიდები მოაწყო. პალესტინელმა მოწმეებმა და ოფიციალურმა პირებმა თქვეს, რომ შესასვლელების დალუქვამდე, ისრაელელებმა კომპიუტერების და აღჭურვილობის კონფისკაცია მოახდინეს.
რეიდები, ისრაელის მიერ ექვსი ჯგუფის ტერორისტულ ორგანიზაციებად გამოცხადებას მოჰყვა. ისრაელი მათ ბრალს სდებს, რომ დონორებისგან დახმარებას მებრძოლებისკენ მიმართავდნენ.
ისრაელის გადაწყვეტილება გაერომ და ადამიანის უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს. ევროკავშირის ცხრა ქვეყანამ განაცხადა, რომ ისრაელის ბრალდებებს მტკიცებულებები არ გააჩნია და ამ ჯგუფებთან მუშაობას გააგრძელებენ.
პალესტინელთა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის მიერ ამ ორგანიზაციების დაკეტვას არ ცნობს და არასამთავრობოების ხელმძღვანელობას მიუთითა, მუშაობა დაუყოვნებლად განაახლონ.