თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ორშაბათს განაცხადა, რომ შვედეთთან და ფინეთთან ნატოში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები, 9 მარტს განახლდება. თუმცა აღნიშნა, რომ შვედეთს არ შეუსრულებია, გასულ წელს ხელმოწერილი მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებები.
იანვარში თურქეთმა შეაჩერა მოლაპარაკებები შვედეთთან და ფინეთთან მათ განაცხადებზე მას შემდეგ, რაც დანიელმა ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსმა, სტოკჰოლმში თურქეთის საელჩოს წინ ყურანი დაწვა.
„ჩემი კოლეგები დაესწრებიან შეხვედრას, რომელიც 9 მარტს გაიმართება“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე და დასძინა, რომ შეხვედრა ბრიუსელში გაიმართება.
შვედეთმა და ფინეთმა გასულ წელს განაცხადეს, რომ სურთ შეუერთდნენ ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციას მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. თუმცა ანკარამ მათ განაცხადს საკუთარი პირობები წაუყენა.
ანკარა სტოკჰოლმს ადანაშაულებს ტერორისტული დაჯგუფებების წევრების შეფარებაში.
შვედეთმა, ფინეთმა და თურქეთმა საერთო მემორანდუმს ხელი 2022 წელს მადრიდში გამართულ ნატოს სამიტზე მოაწერეს.
„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვინახავს შვედეთის ნაბიჯები მადრიდის მემორანდუმის განხორციელების კუთხით“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ. ჩვენთვის შეუძლებელია „დიახ“ ვუთხრათ შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას, სანამ ამ ნაბიჯებს დავინახავთ“.
შვედეთის მთავრობა 9 მარტს დიდი ხნის დაგეგმილ წინადადებას განიხილავს, რომლითაც უკანონო გახდება ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ან მხარდაჭერა. სტოკჰოლმი მიზნად ისახავს კანონმდებლობის ძალაში შესვლას 1 ივნისს, თუმცა პარლამენტში კანონპროექტის კენჭისყრის თარიღი ჯერ არ არის დადგენილი.
შეერთებული შტატები და ნატოს სხვა ქვეყნები იმედოვნებენ, რომ ორი სკანდინავიური ქვეყანა ალიანსის წევრი ნატოს მომავალ სამიტზე გახდება, რომელიც 11 ივლისს ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში გაიმართება.
მიუხედავად იმისა, რომ ანკარამ მიანიშნა, რომ ფინეთის განაცხადს დაამტკიცებს, ის თავს იკავებს შვედეთის წევრობის განაცხადზე.
შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები თურქეთთან 9 მარტს განახლდება და თქვა, რომ ისინი საჯარო მოხელეების დონეზე გაიმართება.
უნგრეთი ნატოს ერთადერთი წევრია, რომელსაც არ აქვს რატიფიცირებული სკანდინავიური ქვეყნების განაცხადები. მისი პარლამენტი ამ საკითხზე მსჯელობას ამ კვირაში აპირებს. ბუდაპეშტმა შაბათს განაცხადა, რომ კენჭისყრა შესაძლოა მარტის მეორე ნახევარში ჩატარდეს.
Facebook Forum