ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

21 000 - თურქეთსა და სირიაში მსხვერპლის რაოდენობა იზრდება


ძლიერი მიწისძვრიდან 4 დღის შემდეგ, სირიასა და თურქეთში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 21 000-ს აღწევს. ინფორმაციას ოფიციალური უწყებები ავრცელებენ. ორივე მოსაზღვრე ქვეყანაში იზრდება დაშავებულთა რაოდენობაც, ნაწილი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

თურქეთში და სირიაში უწყვეტად მიმდინარეობს სამძებრო და სამაშველო ოპერაციები. ორივე ქვეყანას ცოცხალი ძალით, ტექნიკით და ჰუმანიტარული კუთხით საერთაშორისო საზოგადოებაც აქტიურად ეხმარება. ჩართულია 50-ზე მეტი სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციები.

სამაშველო ოპერაციების ფარგლებში, მაშველებმა არაერთი ადამიანის გადარჩენა უკვე შეძლეს, მათ შორის ბავშვების. ბოლოს თურქეთში ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ნანგრევებიდან 10 დღის ჩვილი ბიჭი დედასთან ერთად ამოიყვანეს, ამბობს თურქული მედია.

7.8-ბალიანი მიწისძვრის შედეგად თურქეთის სამხრეთით და სირიის ჩრდილო-დასავლეთით ათასობით შენობა დაინგრა, რის გამოც ასობით ათასი ადამიანი უსახლკაროდ არის დარჩენილი. ვითარებას ისიც ართულებს, რომ ტემპერატურა დაბალია და მოქალაქეებს ღამის გათენება ქუჩაში უწევთ, არ აქვთ საკმარისი საკვებიც.

არასათანადოდ სწრაფი რეაგირების გამო თურქეთში მთავრობას აკრიტიკებენ. ამ ფონზე პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი კატასტროფის ადგილზე ჩავიდა. ის დეტალურად გაეცნო შექმნილ ვითარებას და მიიღო დეტალური ინფორმაცია მიმდინარე სამუშაოების შესახებ. ერდოღანი ამბობს, რომ სამაშველო ოპერაციების დასრულებისთანავე დანგრეული სახლების ადგილზე ახალი მშენებლობები დაიწყება.

მიწისძვრით დანგრეულ ადგილებზე იმყოფებოდა სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ ასადიც. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ასადი ადგილზე ჩავიდა. ის იმყოფებოდა ალეპოს საავამყოფოში სადაც დაშავებულებს შეხვდა, კადრებს სახელმწიფო მედია ავრცელებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG