შეერთებული შტატები ევროპაში საწვრთნელი ცენტრის დაფუძნებას გეგმავს, სადაც ნატოს მოკავშირეები შეისწავლიან "ჰაიმარსის" ტიპის სარაკეტო სისტემების გამოყენებას. "ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში გენერალი ჯონ კოლაშენსკი ამბობს, რომ უკრაინაში ამ ტიპის შეიარაღების წარმატების შემდეგ, მასზე მოთხოვნა აღმოსავლეთ ევროპაში გაიზარდა.
"ჯერ ამ მიმართულებით საწყის ეტაპზე ვართ... სავარაუდოდ, რამდენიმე ქვეყანას ერთ დანიშნულების ადგილზე მოვიზიდავთ" - განაცხადა გენერალმა კოლაშენსკიმ სამშაბათს, 7 თებერვალს. ის V-კორპუსის მეთაურია, რომლის პასუხისმგებლობაში შედის შეერთებული შტატების ევროპის სარდლობის ოპერაციების ხელმძღვანელობა აღმოსავლეთ ფლანგზე, ესტონეთიდან ბულგარეთამდე.
იმავე დღეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც პოლონეთს შეეძლება 18 "ჰაიმარსის" შესყიდვა. ვარშავა ასევე შეიძენს ასობით სხვა ტიპის სარაკეტო სისტემას, რომელთა საერთო ღირებულება $10 მილიარდს შეადგენს.
გენერალმა კოლაშენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ "ჰაიმარსის" საწვრთნელი პროგრამა ხელმისაწვდომი იქნება ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის იმ წევრებისთვის, რომელთაც აღნიშნული სარაკეტო სისტემები შეიძინეს. მათ შორის ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე არიან: ესტონეთი, პოლონეთი და რუმინეთი.
"მათ [ნატოს წევრებმა] დაინახეს უკრაინაში მომხდარი სისასტიკე და გაჩნდა სასწრაფო საჭიროება, მიზანი და 30-ივე ქვეყანა გაერთიანდა ნატოს ტერიტორიების ეფექტიან დაცვაში" - ამბობს გენერალი.
"ჰაიმარსები" ამერიკისგან ესტონეთის თავდაცვამაც შეიძინა. სისტემებს ესტონეთში 2024 ან 2025 წლისთვის ელიან. თუმცა, ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა ჰანო პევკურმა "ამერიკის ხმას" უთხრა, რომ სარაკეტო სისტემების გამოყენების წვრთნაში ესტონეთი მონაწილეობას უკვე იღებს, რათა ისინი "ჰაიმარსების" მიღების "პირველივე დღიდან" მზად იყვნენ. მინისტრი თვლის, რომ "ჰაიმარსებმა" რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულ ომში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და მასში გარდატეხაც კი შეიტანა.
გენერალი კოლაშენსკი ამბობს, რომ "ჰაიმარსის" აკადემია დაახლოებით ისეთივე იქნება, როგორც პოლონეთში, პოზნანის მახლობლად მდებარე "აბრამსის ტანკის საწვრთნელი აკადემია". ცენტრი გასულ წელს გაიხსნა და ნატოს ძალებს ამერიკული ტანკების "აბრამსის" მართვას და გამოყენებას შეასწავლის.
Facebook Forum