გერმანიაში უკრაინელი სამხედროებისთვის სამხედრო წვრთნები დაიწყო. წვრთნების ფარგლებში გადამზადდება 500 უკრაინელი სამხედრო, რომლებიც შეისწავლიან ახალი დასავლური იარაღის გამოყენებას.
წვრთნები წინასწარი ინფორმაციით, 5-8 კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ამბობს ამერიკელი გენერალი მარკ მილი, რომელიც შეერთებული შტატების გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარეა.
კომბინირებული შეიარაღების სწავლების მიზანია უკრაინელმა სამხედროებმა დახვეწონ საკუთარი შესაძლებლობები და უკეთ მოემზადნონ შეტევისთვის. გენერალი მილი ამბობს, რომ გერმანიაში მდებარე ამერიკული სამხედრო ბაზა იძლევა შესაძლებლობას უკრაინელმა სამხედროებმა შეისწავლონ ყველა იმ ტექნიკის გამოყენება, რომელსაც დასავლეთი უკრაინას რუსეთთან ომის ფარგლებში აწვდის. მათ შორისაა საარტილერიო საშუალებები, ტანკები, სამხედრო მანქანები, საჰარო სისტემები და ა.შ.
„ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია უკრაინისთვის, რათა [მათ] შეძლონ თავის დაცვა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ამის გაკეთებას მოკლე დროში მოვახერხებთ,“ - ამბობს აშშ-ის გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარე.
გენერალი აქვე აღნიშნავს, რომ უმნიშვნელოვანესია, რომ გაწვრთნილმა სამხედროებმა დასავლური ახალი შეიარაღება დროულად მიიღონ, რათა მათი ეფექტიანად გამოყენება „გაზაფხულის წვიმებამდე“ მოხდეს. მარკ მილის თქმით, ეს „იდეალური იქნება“.
უკრაინაში რუსეთის ომის 11 თვის თავზე, ვაშინგტონმა 3 100-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო გადაამზადა სხვადასხვა მიმართულებით. ამერიკასთან ერთად, უკრაინელი სამხედროების გადამზადებაში ბევრი სხვა დასავლური სახელმწიფო მონაწილეობს, მათ შორისაა დიდი ბრიტანეთიც.
ამჯერად გერმანიაში დაწყებულ ვარჯიშებს ატარებს აშშ-ის არმიის ევროპა-აფრიკის მე-7 საწვრთნელი სარდლობა. ისინი კარგად იცნობენ უკრაინას, რადგან ომის დაწყებამდე უკრაინაში იმყოფებოდნენ და ზრუნავდნენ უკრაინელი სამხედროების გადამზადებაზე. თუმცა, ომის დაწყების შემდეგ, მათ ისევე როგორც სხვა ამერიკელმა სამხედროებმა, უკრაინის ტერიტორია დატოვეს.
Facebook Forum