ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ოცნება“ კრიტიკულ მედიას სახელმწიფო რეგულაციებში აქცევს


REUTERS/David Mdzinarishvili
REUTERS/David Mdzinarishvili

საქართველოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში, 2022 წლის ბოლოს, დაჩქარებულად შეტანილმა ცვლილებებმა, მესამე სექტორის აზრით, შეიძლება, ქვეყანაში კიდევ უფრო დაამძიმოს კრიტიკული მედიის უფლებრივი მდგომარეობა.

კანონში ამ ცვლილებებმა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ძალაუფლება კიდევ უფრო გააფართოვა. კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა შექმნა იმისა, რომ კომისია მედიის თავისუფლებაში მეტად ჩაერიოს და ჰქონდეს კიდევ უფრო მეტი ბერკეტი იმისთვის, რომ კრიტიკული მედია შეზღუდოს
ედუარდ მარიკაშვილი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

ახალი ცვლილებები, რომელიც „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და პარლამენტმა 81 ხმით, 22 დეკემბერს დაამტკიცა, კომუნიკაციების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას აძლევს როგორც მედია პროდუქტის შინაარსის გაკონტროლების, ისე მედიის დასჯის ბერკეტებს. ის, რაც აქამდე, მედიის თვითრეგულირების ფარგლებში იყო მოქცეული, სახელმწიფო რეგულირების სფეროში გადავიდა.

„ძალიან ნათელია, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს აღებული, საკმაოდ კონკრეტული და მიზანმიმართული გეზი, ეს არის ავტორიტარიზმის კიდევ უფრო მეტად განმტკიცება საქართველოში“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" (GDI) თავმჯდომარემ, იურისტმა ედუარდ მარიკაშვილმა.

მისი თქმით, „ეს იგრძნობა იმაში, რომ ხელისუფლება აღარ ერიდება მიიღოს გადაწყვეტილებები, რომელიც უფრო მეტად შეავიწროვებს სივრცეს კრიტიკული მედიისთვის და კრიტიკული აზრისთვის. მაუწყებლობის შესახებ კანონში ამ ცვლილებებმა კომუნიკაციების კომისიის ძალაუფლება კიდევ უფრო გააფართოვა და უფრო მეტი შესაძლებლობა შექმნა იმისა, რომ კომისია მედიის თავისუფლებაში მეტად ჩაერიოს, ჰქონდეს კიდევ უფრო მეტი ბერკეტი იმისთვის, რომ კრიტიკული მედია შეზღუდოს".

მარიკაშვილი ქართული მედიის წინაშე არსებულ საფრთხეებზე
გთხოვთ, დაიცადოთ

No media source currently available

0:00 0:02:16 0:00

"ამ კანონში პრობლემური საკითხებია - სიძულვილის ენის შესახებ სახელმწიფოს რეგულირების ფორმის ჩამოყალიბება, სიძულვილის ენის შინაარსის ძალიან ფართო გაგება, კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებების დაუყოვნებლივ ძალაში შესვლის შესახებ ჩანაწერი და პასუხის უფლების შემოტანა კანონმდებლობაში, ისე, რომ ამ უფლების გაგება იმაზე უფრო ფართოა, რასაც ევროდირექტივა ითვალისწინებს“ - მიაჩნია ედუარდ მარიკაშვილს.

„მაუწყებლობის კანონში“ ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელმაც კრიტიკულ მედიას დამატებითი მძიმე პრობლემები შეუქმნა, მმართველმა პარტიამ 2022 წლის 7 სექტემბერს დაარეგისტრირა. პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით - 20 სექტემბერს, მეორე მოსმენით - 29 ნოემბერს, მესამე მოსმენით კი 22 დეკემბერს მიიღო.

„პასუხის უფლება ეს არის ის უფლება, რომელიც კიდევ უფრო მაღალ დონეზე სწევს, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ პასუხის უფლება აუცილებლად დაცული იყოს“
ეკა სეფაშვილი, "ქართული ოცნების" დეპუტატი, კანონში ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი

მესამე სექტორის აზრით, ცვლილებების მიღება, სამოქალაქო საზოგადოების სათანადო ჩართულობისა და კონსულტაციის გარეშე მოხდა. „ქართულმა ოცნებამ“ ყურად არ იღო, მედიის და არასამთავრობო სექტორის არაერთი მოწოდება, რომ ცვლილებებზე შეჯერება კონსენსუნსის გზით მომხდარიყო. მმართველმა პარტიამ ასევე უარყო ალტერნატიული წინადადება, რომელიც დეპუტატმა თამარ კორძაიამ ნოემბერში წარმოადგინა.

კანონპროექტი განხილვის დროს გააკრიტიკა ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტმა“ (CPJ), რომელმაც შემოთავაზებულ ცვლილებებში სახელმწიფო ცენზურის საფრთხე დაინახა.

ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, კანონმდებლობაში „პასუხის უფლების“ შემოტანაა. ახალი ჩანაწერით, მოქალაქეს უკვე კომუნიკაციების კომისიაში შეუძლია გაასაჩივროს მედიის მიერ მასზე, სავარაუდოდ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია, ცილისწამება. მანამდე ამის გასაჩივრება მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაში ან და სასამართლოში იყო შესაძლებელი.

„პასუხის უფლება - ეს არის ის უფლება, რომელიც კიდევ უფრო მაღალ დონეზე სწევს ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტს. სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ ეს პასუხის უფლება იყოს აუცილებლად დაცული“ - ასე ახსნა ქართულ კანონმდებლობაში ეს "ნოუ ჰაუ", ცვლილებების ერთ-ერთმა ავტორმა, „ოცნების“ დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა.

მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ცვლილებების მიზანი აუდიოვიზუალური მედია მომსახურებების შესახებ 2010/13/EU ევროპულ დირექტივასთან ეროვნული კანონმდებლობის დაახლოვებაა. ეს ცვლილებები საქართველოს საშუალებას მისცემს, 2.44 მილიარდიანი ბიუჯეტის მქონე პროგრამის „შემოქმედებითი ევროპის“ (2021-27) ინტერსექტორულ და მედიის მიმართულებებში მონაწილეობა გააგრძელოს.

„ეს პროექტი 2018 წლიდან არის პარლამენტში და შემუშავებულია ევროკავშირის მიერ და მათი დახმარებით. ახლა რაც მოხდა, არის ის, რომ 2018 წელს დირექტივაში შევიდა ცვლილებები და ამ ცვლილებებთან შესაბამისობაში მოყვანა მოხდა“ - აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია რჩება პოლიტიკურ იარაღად მედიის წინააღმდეგ. ეს კომისია არასოდეს ყოფილა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი. ამიტომ კომისიის გადაწყვეტილებების „დაუყოვნებლივ“ ძალაში შესვლის ჩანაწერი იქნება კიდევ ერთი ბერკეტი და ინსტრუმენტი, იმისთვის რო მედია დაუყოვნებლივ დაისაჯოს”
ნათია კაპანაძე, კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის

ვინაიდან, ევროკავშირის საკომუნიკაციო ქსელების, კონტენტისა და ტექნოლოგიის დირექტორატის წარმომადგენლის 2022 წლის 1 დეკემბრის წერილის თანახმად, საქართველოს 2023 წლის 31 მაისამდე გაუხანგრძლივეს ვადა შესაბამისი საკანონმდებლო სამუშაოების დასასრულებლად, მესამე სექტორის აზრით, პარლამენტის მიერ ცვლილებების ასე სწრაფად დამტკიცება, „წარმოშობს ეჭვებს, რამდენად არის ცვლილებების მიღების რეალური მიზანი ევროკავშირის დირექტივასთან კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და არა კრიტიკულ მედიაზე ზეწოლა“.

„მაუწყებლობის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები შეიცავს მნიშვნელოვან საფრთხეებს, სწორედ ქართული გამოცდილებისა და საქართველოს რეალობის გათვალისწინებით. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შეტანილი ცვლილებების შემდეგ, მედიაში, ტელევიზიებში (მუშაობაში) სახელმწიფოს ჩარევის შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა და რა თქმა უნდა, გაიზარდა შესაძლებლობა, სახელმწიფომ გამოიყენოს ფილტრი, თუ რა ტიპის და როგორი ინფორმაცია მივა მოსახლეობამდე“ - უთხრა „ამერიკის ხმას“ ნათია კაპანაძემ, “კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის” წარმომადგენელმა.

ნათია კაპანაძეს მიაჩნია, რომ ახალ კანონში, ერთ-ერთ ფუნდამენტური პრობლემა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის გავლენის გაზრდა და მისი გადაწყვეტილებების „დაუყოვნებლივ აღსრულების“ შესახებ ჩანაწერია.

„კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია, სამოქალაქო სექტორის შეფასებით, რჩება პოლიტიკურ იარაღად მედიის წინააღმდეგ. კომისია არასოდეს ყოფილა ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები მნიშვნელოვნად უკავშირდებოდა მმართველი პარტიის პოლიტიკური გუნდის ხედვას. ამიტომ კომისიის გადაწყვეტილებების „დაუყოვნებლივ“ ძალაში შესვლის ჩანაწერი, იქნება კიდევ ერთი ბერკეტი და ინსტრუმენტი იმისთვის, რომ მედია დაუყოვნებლივ დაისაჯოს” – ამბობს ნათია კაპანაძე.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში, 2022 წლის ბოლოს, შეტანილი საკამათო ცვლილებები, მმართველი პარტიის გადაწყვეტილებით, ძალაში ეტაპობრივად შევა. კანონის ზოგიერთი ნაწილი 2023 წლის ზაფხულში ამოქმედდება, ნაწილის ამოქმედება კი იმაზე იქნება დამოკიდებული, ევროპის საბჭოს ექსპერტები რა დასკვნას გამოაგზავნიან 2023 წლის თებერვალში.

საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა იმედი გამოთქვა, რომ "კანონი გადასახედად პარლამენტს დაუბრუნდება და ყველა რეკომენდაცია, რომელიც ეფუძნება ევროპის საუკეთესო პრაქტიკას, ქართულ კანონშიც იქნება ასახული“.

„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ახალი რედაქცია გააკრიტიკა არაერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ. „რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ“ (RSF) განაცხადა, რომ „შეშფოთებულია იმ რისკებით, რომლებსაც ცვლილებები გამოხატვის თავისუფლებას უქმნის“.

REUTERS/Irakli Gedenidze
REUTERS/Irakli Gedenidze

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG