ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

Freedom House: ქართული მედია ისევ „ნაწილობრივ თავისუფალია“


ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ”ფრიდომ ჰაუსის” (Freedom House) მორიგ ყოველწლიური ანგარიშში, რომელიც მსოფლიოში მედიის თავისუფლების შეფასებას მოიცავს, საქართველო მართალია, ოთხი ადგილით დაწინაურდა, მაგრამ ის მაინც რჩება ქვეყნად, სადაც მედია მხოლოდ ”ნაწილობრივ” არის თავისუფალი.

ანგარიში, სახელწოდებით ”პრესის თავისუფლება 2011”, ასახავს მსოფლიოს მედიის მდომარეობას 196 ქვეყანაშიმ 2010 წლის მონაცემებზე დაყრდნობით.

„ფრიდომ ჰაუსმა“ საქართველოს წინსვლის მიზეზად დაასახელა "პოლიტიკური გარემოს გაუმჯობესება", რამაც "შეამცირა ჟურნალისტების სამართლებრივი და ფიზიკური დევნა და სახელისუფლებო ცენზურა". ასევე, "უზრუნველყო საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მოვლენათა უფრო დაბალანსებულად გაშუქება". ამის შეფასების მიუხედავად, მედია ექსპერტს ზვიად ქორიძეს მიაჩნია, რომ საქართველოში მედიის მდგომარეობა ისევ საკმაოდ მძიმეა.

„შესუსტდა დემოკრატიის ხარისხი იმ ქვეყნებში, სადაც არის გარდამავალი პერიოდი, სადაც მთავრობებს ჰქონდათ სურვილი, რომ ელვისებური წარმატებები ჰქონოდათ, და რაკი ვერ აღწევენ ამ წარმატებებს, შემდგომ, პირველ რიგში, ისინი ხისტად ექცევიან ხოლმე მედიას და ამით იწყებენ ხოლმე დემოკრატიის შეზღუდვას ქვეყანაში.

საქართველო სწორედ ასეთი ქვეყნების რიცხვშია. ეს პრობლემები რაც აქ აქვს მედიას, ის რომ ბევრ მედია საშუალებას არ აქვს ფინანსები, არის საკმაოდ დაბალი ხარისხის ბეჭდური პროდუქცია, ტელევიზიებში ვერ კეთდება სათანადო პროფესიონალიზმით სიუჟეტები - ეს ყველაფერი არის პირდაპირ დაკავშირებული იმასთან, რომ ხელისფლებამ ყველა ხერხი გამოიყენა მედიის დასათრგუნად.“

”ფრიდომ ჰაუსის” კვლევის მეთოდოლოგია ეყრდნობა შეფასების სამი კატეგორიას: საკანონმდებლო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ გარემოს. სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით დგინდება არსებობს თუ არა ამა თუ იმ ქვეყანაში საკანონმდებლო ბარიერები თუ წნეხი ჟურნალისტებსა თუ მედიასაშუალებებზე; რამდენად გამჭვირვალეა მედიასაშუალებების მფლობელთა ვინაობის დადგენის პროცესი და რამდენად ახდენს ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკა გავლენას ახალი მედიასაშუალებების ამოქმედებასა თუ მათი მუშაობის მდგრადობაზე.

რეიტინგის მიხედვით, ქვეყნები სამ ჯგუფში ერთიანდებიან. ესენია: ”თავისუფალი”, ”ნაწილობრივ თავისუფალი” და ”არათავისუფალი”. წლევანდელ რეიტინგში 68 ქვეყანაა თავისუფალი, 65 - ნახევრად თავისუფალი და 62 - არათავისუფალი. მედია ექსპერტი ია ანთაძე ამბობს

„შესაძლებელია ითქვას, რომ ცოტა რამ შეიცვალა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრინციპულად ვითარება დღეს არის სხვანაირი. ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი, დეკლარირებული ფული, რომელიც ჩაიდება მედიის განვითარებაში და თუ ეს იქნება იმ რაოდენობის ფული, რომლითაც შესაძლებელი იქნება ახალი მედია საშუალების დაარსება და ეს მედია სუბიექტი იქნება ორიენტირებული ბიზნესზე და ეს იქნება ბიზნეს-პროექტი და არ იქნება პოლიტიკური პროექტი, მაშინ რა თქმა უნდა იქნება მეტი შანსი იმისი, რომ ჩვენ მოვისმინოთ სიმართლე.

„პირველი არხი“, „რუსთავი 2“ და „იმედი“ ვრცელდება მთელ საქართველოში. როცა სამი ნაციონალური მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა არ არის თავისუფალი კონინქტურისგან და როდესაც არსებობს ერთი-ორი პატარა არხი, რომლებიც ძირითადად მხოლოდ თბილისში გადიან, ეს რა თქმა უნდა კარგია ძალიან, მაგრამ ახალი ამბების პოლიტიკა არის მთავარი. ახალი ამბების პოლიტიკა უნდა იყოს დაცლილი რომელიმე პოლიტიკური ძალის გავლენისგან, იქნება ეს ხელისუფლება თუ იქნება ეს ოპოზიცია.“

მრავალი მცდელობის მიუხედავად, ქართული საზოგადოებისთვის დღემდე უცნობი რჩება - რეალურად ვის ეკუთვნის, ორი ყველაზე მსხვილი ნაციონალური მაუწყებელი „რუსთავი 2“ და „იმედი“.

ორივე ტელეკომპანია ცალსახად მმართველი ელიტის ინტერესებს ემსახურება, ხოლო მათი ფიქტიური მეპატრონეები ოფშორულ ზონებში არიან დარეგისტრირებულნი.

მრავალი კითხვა არსებობს ტელეკომპანიების „საქართველოს“, „რეალ ტივის“ და „რეგიონ ტვ-ს“, დაფინანსებასთან დაკავშირებით, ეს მაუწყებლები თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებთან ასოცირდებიან.

კვირის დასაწყისში, საზოგადოებრივი კრიტიკის ობიექტი ისევ ტელეკომპანია „იმედი“ გახდა, რომელმაც საერთოდ არ გააშუქა სანდრო გირგვლიანი მკვლელობის საქმეზე ევროსასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი. ამასთან დაკავშირებით, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა განაცხადა

„ჩვენ გამოვდივართ წინადადებით, რომ იმ ტელევიზიამ, რომელმაც თავის დროზე, საქართველოს ამცნო გირგვლიანის მკვლელობის ამბავი, იმ ტელევიზიამ დღეს ქართველ ხალხს დაუმალა ის ამბავი, რომ ამ საქმეზე იყო სტრასბურგის სასამართლო და სასამართლომ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები.

ამიტომ, ჩვენი მოთხოვნა არის, ამ შემთხვევაში, რესპუბლიკური პარტია უბრალოდ იმეორებს ქართული საზოგადოების მოთხოვნას, რომ სწორედ ტელეკომპანია „იმედმა“ მიუძღვნას სპეციალური რეპორტაჟი გირგვლიანის მკვლელობის საქმეს და გირგვლიანის მკვლელობის ევროპის სასამართლოსეულ შეფასების საქმეს.“

„ფრიდომ ჰაუსის“ გამოკვლევებით, დედამიწაზე მაცხოვრებელთა მხოლოდ 15 პროცენტი ცხოვრობს თავისუფალი მედიის პირობებში; 42 პროცენტს, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ ნაწილობრივ თავისუფალი მედია, ხოლო ყველაზე მეტს - 43 პროცენტს, ანუ დაახლოებით, 3 მილირდ ადამიანს არათავისუფალ მედია გარემოში უწევს ცხოვრება.

XS
SM
MD
LG