ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფარული სატელეფონო მოსმენები საქართველოში


ბრიტანული კომპანიის "ჯიპიდაბლიუს" დასკვნამ, რომ ტელეკომპანია
"იმედის" ორი მაღალი რანგის პირის, ფარული სატელეფონო ჩანაწერი, დიდი ალბათობით, ნამდვილია, ამ სკანდალური სატელეფონო მოსმენების ისტორიაში, სიცხადის ნაცვლად, უფრო მეტი კითხვა დაბადა. ციტატა სასამართლო ლინგვისტიკის ლონდონელი ექსპერტის, იზაბელა პიკორნელის მოსაზრებიდან:

იზაბელა პიკორნელი: „სავარაუდოდ, ეს არის ნამდვილი საუბრის ჩანაწერი, რამოდენიმე ადგილზე სახეცვლილი, მაგრამ, არა ჩამატებებით ან რედაქტირებით. ქალის ხმა ჩანაწერში უფრო სუსტია, ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ ჩანაწერი გაკეთდა იქ, სადაც საუბრის მომენტში ქალი იმყოფებოდა. ჩანაწერი ციფრული სტერეო ფაილია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ჩამწერი აპარატი, სავარაუდოდ, მთავარ სატელეფონო სადგურში იყო განთავსებული. საუბარში სამჯერ ახსენებენ პრეზიდენტ სააკაშვილს“

ტელეკომპანია "იმედის" მმართველი გიორგი არველაძე სტამბულიდან და არხის პროდიუსერი ეკა წამალაშვილი თბილისიდან სატელეფონო საუბარში, საინფორმაციო გადაცემა ქრონიკის 13 მარტის გამოშვებას გეგმავენ. არველაძე წამალაშვილს ეუბნება, რომ „მიშას მოთხოვნაა, მოდელირებული ქრონიკა ყოველგვარი გაფრთხილებების გარეშე გავიდეს. საბოლოოდ, ამ გამოშვებას, საზოგადოებაში არნახული პანიკა და საერთაშორისო სკანდალი მოჰყვა.

"ქრონიკა" ნახევარი საათის განმავლობაში ატყუებდა მაყურებელს ოპოზიციის აჯანყების, ჯარის ღალატისა და პრეზიდენტ სააკაშვილის მკვლელობის შესახებ. გადაცემის წამყვანმა, მხოლოდ სიუჟეტის დასრულების შემდეგ თქვა, რომ ეს ყველაფერი იმიტაცია იყო.

პოლიტიკური ოპოზიცია, ჯიპიდაბლიუს დასკვნის შემდეგ, გამოძიების დაწყების აუცილებლობასა და პრეზიდენტის პირად პასუხისმგებლობაზე საუბრობს. ოფიციალურად, ლონდონურ კომპანიას, ჩანაწერის შესწავლა "ალიანსი საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით გამყრელიძემ შეუკვეთა

დავით გამყრელიძე: „ ამ დასკვნამ დაადასტურა, რომ არანაირი მონტაჟი არ იყო, ეს იყო მიხეილ სააკაშვილის სურვილით მომზადებული და გაშვებული გადაცემა. მისივე დაჟინებული მოთხოვნით მოხსნილი იყო ინფრომაცია, რომ ეს იყო მოდელირება. ამის შემდეგ, რა პასუხის იძლევა სააკაშვილი, რა პასუხს იძლევა არველაძე?!“

ბოლო სამი თვის განმავლობაში, ინტერნეტში, სხვა და სხვა ვებ-გვერდებზე, საქართველოს უმაღლესი პოლიტიკური პირების თხუთმეტამდე ფარული სატელეფონო ჩანაწერი დაიდო, მათ შორის პრეზიდენტ სააკაშვილის, შინაგან საქმეთა და კულტურის მინისტრების, ელჩების, პარლამენტარებისა და ჟურნალისტების მონაწილეობით.

ზოგიერთი მათგანი, საკმაოდ მნიშვნელოვან და კონფიდენციალურ სახელმწიფოებრივ საქმეებს ეხება. ბოლო ასეთი შემთხვევა, 16 აპრილს იყო, როცა "იუთუბზე" ოთხი ფარული სატელეფონო ჩანაწერი აიტვირთა. ამის მიუხედავად, მმართველ პარტიაში გამოძიების დაწყების საჭიროებას ვერ ხედავენ და ხელს რუსეთისკენ იშვერენ. პარლამენტარი დავით დარჩიაშვილი, კერძოდ ამბობს:

დავით დარჩიაშვილი: „ მსგავსი აჟიოტაჟი აწყობს რუსეთს და ამიტომ ვსაუბრობთ რუსეთზე, რაც შეეხება გამოძიების დაწყებას, არ ვიცი რამდენად საჭიროა, ნებისმიერ საიტზე გაჟღერებულ ინფორმაციებზე გამოძიება იწყებოდეს“

საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი, პოლკოვნიკი ზურაბ მხეიძე დარწმუნებულია, რომ უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები, ინტენსიურად ცრდილობენ, ფარული მოსმენების გზით, ოპერატიული ინფორმაციის მიღებას, თუმცა შემდეგ, ამ ინფორმაციის ინტერნეტში განთავსებას გამორიცხვას. პოლკოვნიკის აზრით, ასეთი სახის ჩანაწერების დიდი უმრავლესობა შიგნიდან შეიძლებოდა გავრცელებულიყო.

ზურაბ მხეიძე: წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ სამსახური, რომელიც პრეზიდენტს უსმენს, გინდა რუსეთის და გინდა პაკისტანის, რა მნიშველობა აქვს... როგორ ფიქრობთ, თქვენ მერე იუბუთზე დადებთ ამას (ჩანაწერს), იმისათვის, რომ მერე სხვა არხი მონახონ დაცვა გააძლიერონ?

როცა პრეზიდენტზე და მინისტრზე მოსმენა ხდება, იმ არხს არ გეტყვით, იმიტომ რომ ის ერთი წუთისთვის მაქვს მე შექმნილი?! ერთი საუბარი მაინტერესებს?! ამიტომ არასდროს სპეცსამსახური, რომელიც გისმმეს, საროკაზე და ვებ გვერდზე, არ დადებს ჩანაწერებს, თუ სერიოზული სპეცსამსახურია... მას, ხანგრძლივი ინტერესი აქვს თქვენი მოსმენის.

ჯერ ერთი, ოპერატიული შეგროვებული მასალა არ გამოდის ეთერშე, ეს სპეცსამსახურის კანონია, ან თუ გამოდის სერიოზული შედეგი უნდა მოჰყვეს..

მოდი ასე ვთვათ რა, გავიდა ხომ ჩანაწერები, ვინმე ხომ უნდა დაისაჯოს, ან ის ხალხი, ვინც კავშირის უსაფრთხოებაზე აგებს პასუხს, ან თვითონ ის ადამიანი, რომელიც საუბრობს უპასუხისმგებლო რაღაცეებს, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ძალიან სერიოზული რაღაცა ამ ქვეყნისთვის ან ზიანი მიაყენოს, არაფერი რეაქცია ხომ არ ხდება, თქვენ არ გიკვირთ, რომ რეაქცია არ არის?!

რა რეაქცია იქნებოდა, მსგავსი რამ დემოკრატიულ ქვეყანაში რომ მომხდარიყო, ამ კითხვით, ჩვენ, უსაფრთხოების საკითხებში, ცნობილ პოლონელ ექსპერტს ჰენრიკ სუჩარს მივმართეთ. ის კარგად იცნობს, საქართველოს საშინაო პოლიტიკას.

ჰენრიკ სუჩარი: „ეს ჩემთვის პირდაპირ გითხრათ შოკია, როგორ შეიძლება ვინმე იწერდეს თუნდაც საქართველოს პირველი პირის მიხეილ სააკაშვილის პირად საუბრებს, ასევე მინისტრების, პარლამენტარების, ჟურნალისტების? ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ რაღაცა წესრიგში არ არის უსაფრთხოების თვალსაზრისით. არსებობენ რაღაც საიდუმლო ძალები, რომლებსაც ამ ჩამწერი მოწყობილობების გამოყენება შეუძლიათ, ეს ძალიან სერიოზული დანაშაულია.

ეს რომ პოლონეთში მომხდარიყო, ვინმეს პრეზიდენტის და სხვა პოლიტიკური მოღვაწეების საუბარი ჩაეწერა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ უდიდესი სკანდალი აგორდებოდა. იქნებოდა ძალიან სერიზული რეაქცია, არა მხლოდ პოლიტელიტის, არამედ საზოგადოების მხრიდანაც, და რა თქმა უნდა, პოლონეთის სეიმი, პარლამენტი, მთავარი პალატა, აუცილებლად შექმნიდა საგამოძიებო კომისიას.

კომისიაში შევიდოდა ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, სეიმის თავჯდომარე, ეს გამოძიება იქნებოდა მთავარი პოლიტიკური თემა ქვეყანაში, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში. საზოგადოების მხრიდან, კომისია იქნებოდა უდიდესი წნეხის ქვეშ, რათა მიეღო პასუხი, თუ როგორ შეიძლება რომ ვიღაც ანონიმმა ჩაწეროს პრეზიდენტი და სხვა უმაღლესი პირები და შემდეგ ეს ინტერნეტში განათავსოს“.

სატელეფონო მიყურადება საქართველოში დანაშაულის გამოვლენის ყველაზე ეფექტურ მეთოდად ითვლება. სწორედ ამის გამო, კანონმდებლობა სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით, არ აძლევს საქართველოს მოქალაქეებს საშუალებას, დაამტკიცონ რომ მათი მოსმენა, უფლებამოსილებების გადაჭარბებით ხდება.

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის, როდის და რა მიზეზით უსმეს და შემდეგ როგორ იყენებს ამ ოპერატიულ ინფორმაციას - პოლიცია, სპეცსამსახური ან დაზვერვა, კანონმდებლობით მკაცრად გასაიდუმლოებულია. შედარებით ლიბერალური საკანონმდებლო ცვლილებები 2011 წლის 1 აპრილიდან შევა ძალაში, საჯარო გახდება მოსმენის შესახებ ოქმი, თუმცა მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას მხოლოდ გამომძიებელი მიიღებს. ეს კი, მთლიანობაში, არაფერს შეცვლის.

ყოველივე, დამოუკიდებელ ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ საქართველოში, ძალოვანი სტრუქტურების პოლიტიზებულობა და სასამართლო სისტემის სისუსტე, მომავალშიც ხელს შეუწყობს, ხელისფლებაში მყოფ, გავლელიან ჯგუფებს, ფარული სატელეფონო მიყურადება - პოლიტიკურ იარაღად გამოიყენონ.

XS
SM
MD
LG