პარლამენტმა, პრეზიდენტის ინიციატივით, უფლება მისცა ფინანსთა სამინისტროს, საქართველოში მოქმედ ყველა ტელეკომპანიას 2010 წლის 1 მარტამდე არსებული საგადასახადო დავალიანება ჩამოაწეროს. ჯამში სულ 36 მილიონი ლარის დავალიანება ჩამოიწერება. ეს უპრეცედენტო საგადასახადო ამნისტია ხელისუფლებამ ტელემედიისთვის დახმარების სურვილით ახსნა. საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა კერძოდ თქვა
„ამნისტია არ არის ზოგადად, სასურველი რამ, რასაც ხელისუფლება ახორციელებს. მაგრამ, ეს არის გადაუდებელი ერთჯერადი ღონისძიება, რომლის შემდეგაც ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ თანაბარ პირობებში მყოფი ტელევიზიები შეძლებენ თავიანთი საქმიანობის სრულყოფილად განხორციელებას და კონკურეტუნარიან გარემოში არსებობას.“
პრეზიდენტი სააკაშვილი ტელეამნისტიის იდეით, თებერვალში, პარლამენტში გამოვიდა, თუმცა მაშინ პრეზიდენტმა მხოლოდ რეგიონალური ტელევიზიები ახსენა და მათი მძიმე ფინანსური მდგომარეობის აღსანიშნავად ბათუმში არსებული ტელეკომპანია 25-ე არხის მაგალითი მოიყვანა.
„სახალხო დამცველის შუამდგომლობით მოხდა 25-ე არხის საგადასახადო დავალიანების რესტრუქტურიზაცია. მაგრამ, ანალოგიური პრობლემები აქვს, სხვა კერძო ტელევიზიებსაც. 25-ე არხისთვის ვალის გადავადება მხოლოდ დროებით შველა იყო.
ცხადია, რომ ამ პატარა ტელევიზიას, არც რამოდენიმე თვეში ექნება საშუალება, რომ დაფაროს დავალიანება. ამიტომ, მე გთავაზობთ, ახალ ინიციატივას, რომ ყველა ქართულ რეგიონალურ ტელევიზიას გამოვუცხადოთ საგადასახადო ამნისტია.“
პრეზიდენტის გამოსვლის დროს, საქართველოში მოქმედი რეგიონალური ტელევიზების ვალი, აჭარის სახელმწიფო ტელევიზიის ვალის ჩათვლით, 6 მილიონ 660 ათასს ლარს შეადგენდა, თუმცა მოგვიანებით, პრეზიდენტის საკანონმდებლო ინიციატივაში, რეგიონალურს, სიტყვა ნაციონალურიც დაემატა და ვალი მთელი 30 მილიონით გაიზარდა. გაზეთ რეზონანსის რედაქტორი ლაშა ტუღუში ამბობს
„დახმარება ტელემედიისთვის ლოგიკური იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ მედია არ იქნებოდა კონტროლირებადი ხელისუფლების მხრიდან, ამ შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილება, შეიძლება გამართლდეს ან შეიფუთოს განვითარების ლოგიკით, დემოკრატიის ან სიტყვის თავისუფლების ლოზუნგით, თუმცა ჩვენ თუ რეალურად შევხედავთ სიტუაციას დავინახავთ, რომ ეს მიდგომა არის აქტუალური სწორედ იმ ტელეარხებისთვის, რომელიც ითვლება, რომ არიან ახლოს ხელისუფლებასთან. შესაბამისად, ეს ცოტა უცნაურად ჩანს გარედან.“
საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, იმედისთვის და რუსთავი 2-ისთის ასეთი დიდი ვალების ჩამოწერას აპროტესტებენ იმ ტელეკომპანიების მფლობელები, რომლებიც გადასახადს დღემდე პატიოსნად იხდიან. ტელეკომპანია კავკასიის გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი კერძოდ ამბობს
„აბსოლუტური გაუმჭირვალეობაა ამ პროცესის და გასაიდუმლოება. ის, რომ ჩვენ არ ვიცით, ეს დავალიანებები, ვის დაუგროვდა, საიდან დაუგროვდა, რატომ დაუგროვდა?
რატომ არ დაადო აქამდე საგადასახადომ ყადაღა? რატომ არ აღასრულა თანხის ამოღების ღონისძიებები? მე ვიხდიდი წლების განმავლობაში გადასახადებს, იმიტომ რომ მე ვიცოდი, რომ გადასახადი უნდა გადამეხადა. თუ რამე სხვანაირად იყო, მაშინ ჩემთვისაც ეთქვათ, და არ გადავიხდიდი იმ თანხას და იმ თანხით, მეც განვავითარებდი ტელევიზიას.“
გაურკვეველია, რა ბედი ეწევა კიდევ ერთი რეგიონალური, ოზურგეთის ტელეკომპანია მადის საგადასახადო დავალიანებას, კომპანიის დირექტორი ავთანდილ დეისაძე სწორედ გადასახადების გადაუხდელობის ბრალდებით არის იანვრიდან დაკავებული, მას 55 ათასს ლარს ედავებიან, მაშინ როცა "ურჩი" ტელეგადამხდელების ვალები რამდენიმე ათეულ მილიონს აღწევს. პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე ამბობს
„საქართველოს ხელისუფლება ძალიან მარჯვეა ზოგადად ისეთი ნაბიჯების გადადგმაში, რომელიც პიარის თვალსაზრისით მათ კარგად ჩაეთვლებათ. დამისახელეთ, დღეს საქართველოში, რეალურად დამოუკიდებელი ტელეკომპანია, რომელსაც არ აქვს ფინანსური პრობლემები და შეუძლია ნორმალურად მუშაობა?
მე ვიცი, რომ მეტნაკლებად, ხელისუფლების კონტროლისგან თავისუფალ ყველა ტელეარხს, აქვს უმძიმესი პრობლემები, მათი აბსოლუტური უმრავლესობა ვერ მაუწყებლობს, არათუ მთელ საქართველოზე, არამედ ერთ რეგიონზეც კი. ყველა, ის ტელემაუწყებლობა, რომელიც ფარავს საქართველოს მთელ ტერიტორიას არის აბსოლუტურად ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი.“
ქართული საზოგადოება ვერასოდეს გაიგებს, რომელ ტელეკომპანიას ბიუჯეტის ზუსტად რა ოდენობის ვალი ჰქონდა და რამდენი ჩამოეწერა. კანონში ეს ციფრები მითითებული არ არის, ვინაიდან, საგადასახადო კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, ეს ინფორმაცია საგადასახადო საიდუმლოებას წარმოადგენს.