ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერდოღანი მკვლელობის დამკვეთის დასახელებას ითხოვს


თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოღანმა საუდის არაბეთს მოუწოდა, გაამხილოს იმ ადამიანის ვინაობა, ვინც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მოკვლის განკარგულება გასცა. ხაშოგი ქორწინების საბუთების გასაფორმებლად, სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოს შენობაში მოკლეს.

დღეს, თურქეთის პარლამენტში ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, ერდოღანმა თქვა, რომ მკვლელობის გამოძიება სწრაფად უნდა დასრულდეს. ანკარა რიადში დაკავებული 18 ეჭვმიტანილის ექსტრადიციას ითხოვს. ამას გარდა, თურქეთი საუდის არაბეთისგან ხაშოგის გვამის გამოჩენასაც ელოდება, რომელსაც ჯერჯერობით ვერსად მიაკვლიეს.

ორშაბათს, ლონდონში გამართულ პანაშვიდზე, ხაშოგის საცოლემ, თურქეთის მოქალაქე ჰათის ჩინგიზმა თქვა, რომ "ბევრი ქვეყნის ლიდერის საქციელით იმედგაცრუებული დარჩა". მან ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა "დაეხმაროს სიმართლის გამჟღავნებაში".

მთავრობის კრიტიკის გამო, ჯამალ ხაშოგი საკუთარი სამშობლოდან ნებაყოფლობით დევნილობაში იმყოფებოდა. ის შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და გაზეთ "ვაშინგტონ პოსტთან" თანამშრომლობდა. თურქ საცოლესთან ქორწინების საბუთების გასაფორმებლად, ის სტამბოლში ჩავიდა და 2 ოქტომბერს საუდის არაბეთის საკონსულოში მივიდა. მას შემდეგ დისიდენტი ჟურნალისტი აღარავის უნახავს.

თურქეთმა ხაშოგის გაუჩინარებასთან დაკავშირებით საქმე აღძრა. გამომძიებლებს პირველივე დღეებიდან ეჭვი მის მკვლელობაზე ჰქონდათ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ხაშოგი აწამეს, მოკლეს, მისი გვამი კი დაანაწევრეს და გადამალეს.

საუდის არაბეთი ორ კვირაზე მეტი ხნის მანძილზე ამტკიცებდა, რომ ჟურნალისტი ცოცხალია. მისი მკვლელობის ფაქტი რიადმა მხოლოდ 19 ოქტომბერს აღიარა. საუდის არაბეთის ოფიციალური ვერსიით, ჟურნალისტი საკონსულოში მომხდარი ჩხუბის გამო გარდაიცვალა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG