თურქეთის პრეზიდენტის რეჯებ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობა სტამბოლში წინასწარ იყო დაგეგმილი და მასში მონაწილეები უნდა დაისაჯონ. პრეზიდენტმა დღეს ქვეყნის პარლამენტისადმი გაკეთებულ მიმართვაში, დისიდენტი ჟურნალისტის მკვლელობის დეტალებზე დაწვრილებით ისაუბრა.
ერდოღანმა მოვლენების აღწერა წინა დღით დაიწყო, სანამ საუდის არაბეთიდან ამერიკაში საცხოვრებლად გადასული დისიდენტი ჟურნალისტი საკონსულოს შენობაში შევიდოდა. როგორც ცნობილია, ხაშოგი 2 ოქტომბერს სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში, ქორწინების საბუთების გასაფორმებლად მივიდა და მას შემდეგ ის აღარავის უნახავს.
თურქეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხაშოგთან შესახვედრად საუდის არაბეთიდან სტამბოლში რამდენიმე ჯგუფი ჩაფრინდა, რომელთა შორის გენერლებიც იყვნენ. საელჩოს შენობასთან დაყენებული უსაფრთხოების კამერებიდან მათ ინფორმაცია ამოიღეს. ჯამალ ხაშოგს საცოლე გარეთ საათობით ელოდა, შემდეგ კი საქმროს გაქრობის შესახებ თურქეთის პოლიციას შეატყობინა.
გამოძიებას ხელს უშლის დიპლომატიური იმუნიტეტი, რომლითაც საკონსულოს თანამშრომლები სარგებლობენ. თურქეთის ლიდერის თქმით, ფაქტების დასადგენად და უსაფუძვლო ბრალდებების თავიდან ასაცილებლად, საჭიროა თურქეთის პოლიციის და დაზვერვის სამსახურების მეტი ჩართულობა.
რეჯებ ტაიპ ერდოღანმა საუდის არაბეთს შეახსენა, რომ გამოძიება თურქეთში უნდა მიმდინარეობდეს და არა რიადში, რადგან მკვლელობა თურქეთში მდებარე სტამბოლის საელჩოში მოხდა. საუდის არაბეთმა დამოუკიდებელი გამოძიება დაიწყო და ამბობს, რომ ამ ეტაპზე 18 ადამიანის საქმეს სწავლობს.
რიადი თავიდან საერთოდ უარყოფდა, რომ 59 წლის ჟურნალისტი დაიღუპა და ამტკიცებდა, რომ მან შენობა უსაფრთხოდ დატოვა. ვიდეოფირიც კი გავრცელდა, რომელზეც ჩანს, თუ როგორ ტოვებს საელჩოს შენობას ხაშოგის ტანსაცმელში გადაცმული ადამიანი, რომელსაც თურქეთი საუდის არაბეთის აგენტად თვლის.
შემდეგ რიადმა ჩვენება შეცვალა. ახალი ვერსიით, ჯამალ ხაშოგის დაპირისპირება მოუვიდა საკონსულოს თანამშრომლებთან. ხელჩართული ჩხუბის და მისი გაკავების დროს, რომ საკონსულოდან არ გასულიყო, ის შემთხვევით გაიგუდა.
ამ ეტაპზე ხაშოგის გვამი ნაპოვნი არ არის. ერდოღანი ითხოვს იმის დადგენას, თუ სად გაქრა საკონსულოში გარდაცვლილი ჟურნალისტის სხეული.
თურქეთის პრეზიდენტმა თავისი გამოსვლა კითხვების მთელი სერიით დაასრულა. მისი თქმით, ასევე უნდა გაირკვეს, თუ ვინ გასცა ხაშოგის ლიკვიდაციის განკარგულება და ის, რანგის მიუხედავად უნდა დაისაჯოს. ასევე, უნდა დაზუსტდეს, ვინ მონაწილეობდა მკვლელობაში და რატომ შეცვალა რიადმა ჩვენება რამდენჯერმე. ერდოღანი სასამართლო პროცესის არა რიადში, არამედ სტამბოლში გამართვასაც ითხოვს.
ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის გვირგვინოსანი უფლისწულის და ქვეყნის დეფაქტო მმართველის მოჰამედ ბინ სალმანის პოლიტიკის ცნობილი კრიტიკოსი იყო. ის შეერთებულ შტატებში ნებაყოფლობით დევნილობაში ცხოვრობდა. ხაშოგი "ვაშინგტონ პოსტთან" თანამშრომლობდა და ამ გამოცემაში აგრძელებდა საუდის არაბეთის მთავრობის პოლიტიკის შესახებ კრიტიკული მასალების გამოქვეყნებას.
Facebook Forum