ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სენატორები ტრამპს ჟურნალისტის საქმეზე მოქმედებას სთხოვენ


ამერიკელი სენატორების ნაწილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, რომ ჩაერთოს საუდელი ჟურნალისტის გაუჩინარების გამოძიების საკითხში. ეს კი შესაძლოა საუდის არაბეთის მთავრობის წარმომადგენლებისა და ინსტიტუტების მიმართ სანქციების საფუძველიც კი გახდეს.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ საუდის არაბეთის მთავრობის უმაღლეს წარმომადგენლებს ესაუბრა ჟურნალისტის გაუჩინარების შესახებ. თუმცა კონკრეტულად არაფერი უთქვამს, როგორი იყო მისი პოზიცია.

სენატში უმცირესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა მომხდარი ფაქტი დაგმო და ქვეყნის მთავრობა პოლიტიკურ ოპონენტებთან ფიზიკურ ანგარიშსწორებაში დაადანაშაულა.

„საუდის არაბეთის პრინცი, ტახტის მემკვიდრე საკუთარ თავს წარმოაჩენს, როგორც რეფორმატორს, რომელსაც ქვეყანაში, საზოგადოებაში მეტი გახსნილობის შეტანა სურს, თუმცა რეფორმატორები არ ხოცავენ თავიანთ პოლიტიკურ ოპონენტებს", თქვა სენატორმა.

რესპუბლიკელმა სენატორმა, ბობ კორკერმა კი თქვა, რომ არსებული ცნობების შესაბამისად, ახლა ყურადღების ცენტრში სწორედ საუდის არაბეთი უნდა იყოს.

ჯამალ ხაშოგი, საკუთარი სურვილით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებს აფარებდა თავს. ის საუდის არაბეთის მთავრობის და პრინც მოჰამედ ბინ სალმანის აქტიური კრიტიკოსი იყო.

ჟურნალისტის საცოლე აცხადებს, რომ ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში 28 სექტემბერს მივიდა, საიდანაც საჭირო საბუთები უნდა წამოეღო, რომლებიც მათ ქორწინებისთვის სჭირდებოდათ. ხაშოგი მას შემდეგ არავის უნახავს.
გაუჩინარებული ჟურნალისტის საცოლე ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს “ნათელი მოჰფინოს” ამ ფაქტს.

საუდის არაბეთი ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს, თუმცა საკონსულოს გარშემო უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების გასაჯაროებაზე უარს ამბობს. სამეფოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ხაშოგიმ საკონსულო დატოვა და თურქეთის სამართალდამცავების ბრალდებას საკონსულოში მისი მკვლელობის შესახებ უარყოფენ. არც ერთ მხარეს მტკიცებულებები ამ დრომდე არ წარმოუდგენია.

საცოლის თქმით, ხაშოგიმ იცოდა, რომ საფრთხე ემუქრებოდა, თუმცა დიპლომატიური მისიისგან საშიშროებას არ ელოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG