საუდის არაბეთელი ჟურნალისტის საცოლე აცხადებს, რომ მისი საქმრო ფიქრობდა, რომ ის საფრთხის წინაშე იყო, მაგრამ იმის შიში არ ჰქონდა, რომ დიპლომატიურ მისიაში მას რამე მოუვიდოდა.
ჰატიჩ ჩენგიზმა გაზეთ “ვაშინგტონ პოსტში” სტატია გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ჯამალ ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში 28 სექტემბერს მივიდა, საიდანაც საჭირო საბუთები უნდა წამოეღო, რომელბიც მათ ქორწინებისთვის სჭირდებოდათ. ხაშოგი მას შემდეგ არავის უნახავს.
ჩენგიზი ამბობს, რომ სჯერა, რომ თურქეთის სამართალდამცავი უწყებები შეძლებენ იმის დადგენას, თუ რა მოუვიდა მის საქმროს მას შემდეგ, რაც ის საკონსულოში გაუჩინარდა. ის ასევე მოუწოდებს ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს “ნათელი მოჰფინოს” ჟურნალისტის გაუჩინარებას. საუდის არაბეთს ჩენგიზი საკონსულოს გარშემო უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების გასაჯაროებას სთხოვს.
სამეფოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ხაშოგიმ საკონსულო დატოვა და თურქეთის სამართალდამცავების ბრალდებას საკონსულოში მისი მკვლელობის შესახებ უარყოფენ. არც ერთ მხარეს მტკიცებულებები ამ დრომდე არ წარმოუდგენია.
ხაშოგი, საკუთარი სურვილით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებს აფარებდა თავს. ის საუდის არაბეთის მთავრობის და პრინც მოჰამედ ბინ სალმანის აქტიური კრიტიკოსი იყო.
Facebook Forum