საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბინ სალმანმა პირველი საჯარო კომენტარი გააკეთა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის ფაქტზე. პრინცი ამბობს, რომ მისი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს, რაც შესაძლებელია იმისათვის, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულებას გადაეცნენ.
საუდის არაბეთის დედაქალაქში "მომავლის საინვესტიციო ინიციატივა" - ბიზნეს ფორუმი გაიხსნა. მუჰამედ ბინ სალმანმა სწორედ ამ ფორუმზე შეკრებილ 3000-მდე ბიზნეს ლიდერს მიმართა სიტყვით და აღნიშნა, რომ ამ საქმეში არანაირი წვლილი არ მიუძღვის. მან მომხდარს "საზარელი დანაშაული" უწოდა და თქვა, რომ "მტკივნეულია საუდის არაბეთის ყველა მცხოვრებისთვის და ყველასთვის მსოფლიოში".
მუჰამედ ბინ სალმანმა ამის შესახებ მას შემდეგ ისაუბრა, რაც ლიბანისა და ბაჰრეინის ლიდერებთან ერთად დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა რიადში მიმდინარე ბიზნეს-ფორუმზე.
ჯამალ ხაშოგი საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცს აქტიურად აკრიტიკებდა. მას შემდეგ, რაც ხაშოგი სტამბოლში, საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა, ბევრი მისი მკვლელობის დაგეგმვაში სწორედ ტახტის მემკვიდრეს ადანაშაულებს.
მუჰამედ ბინ სალმანმა აღნიშნა, რომ ეს არის მისი მოწინააღმდეგეებისა და კრიტიკოსების მცდელობა, ჩამოაგდონ უთანხმოება საუდის არაბეთსა და თურქეთს შორის, თუმცა ეს, მისი თქმით, არასდროს მოხდება, სანამ მამამისი მეფეა, თვითნ კი - ტახტის მემკვიდრე.
"საუდის არაბეთსა და თურქეთს უნიკალური თანამშრომლობა აქვს და ბევრი ცდილობს ეს მტკივნეული საკითხი გამოიყენოს ორ ქვეყანას შორის უთანხმოების გამოსაწვევად", თქვა პრინცმა არაბულ ენაზე და დასძინა, რომ "ეს არ მოხდება, სანამ მამაჩემი მეფეა, მე - ტახტის მემკვიდრე, თურქეთის პრეზიდენტი კი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი", ეს სიტყვები დარბაზში ტაშით აღნიშნეს.
საუდის არაბეთმა ოფიციალური პოზიცია ხაშოგის გაუჩინარებასთან დაკავშირებით რამდენჯერმე შეცველა. თავდაპირველად ისინი ამტკიცებდნენ, რომ ჟურნალისტმა სტამბოლში საკონსულოს შენობა უვნებელმა დატოვა, თუმცა ვერ შეძლეს რა ამის დამამადასტურებელი ვიდეო მასალის წარმოდგენა და საერთაშორისო წნეხიც გაიზარდა - რიადი იძულებული გახდა ჟურნალისტის სიკვდილის ფაქტი დაედასტურებინა.
ვერსიის რამდენჯერმე შეცვლის შემდეგ, საბოლოო განცხადებით, ხაშოგი საკონსულოში ხელჩართული ბრძოლის შედეგად მოკვდა, მაგრამ მასზე თავდამსხმელებს ქვეყნის მმართველ დინასტიასთან კავშირი არ ჰქონიათ. საწინააღმდეგოს აცხადებს თურქეთის პრეზიდენტი და პირობას დებს, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულებას გადაეცემიან.
დანაშაულზე რეაგირების მიზნით, რიადმა 5 ადამიანი თანამდებობიდან გაათავისუფლა, 18 კი დააპატიმრა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი საუდის არაბეთთან პარტნიორობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ თუკი მათთან იარაღით ვაჭრობა შეწყდება, ეს ამერიკელ დასაქმებულებს უფრო დააზარალებს, ვიდრე საუდის არაბეთს.
პრეზიდენტმა თქვა, რომ იარაღით ვაჭრობის შესახებ გადაწყვეტილებას კონგრესს მიანდობს და სწორედ ამერიკელმა კანონმდებლებმა უნდა გადაწყვიტონ, განაგრძობს თუ არა ამერიკა საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვას.
მიუხედავად ამისა, ვაშინგტონმა პირველი სადამსჯელო ღონისძიება უკვე განახორციელა და ბრალდებულებს ამერიკული ვიზები გაუუქმა.
Facebook Forum