დღეს, დისიდენტი ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობიდან ზუსტად 3 კვირის თავზე, საუდის არაბეთში საინვესტიციო კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციას, სახელწოდებით "მომავლის საინვესტიციო ინიციატივა", ბევრმა მონაწილემ ბოიკოტი გამოუცხადა.
სხვა ფინანსურ ლიდერებთან ერთად, კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თქვეს შეერთებული შტატების ხაზინის მდივანმა სტივენ მნუჩინმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარემ ქრისტინ ლაგარდმა. კონფერენციას ბოიკოტი მსხვილი კერძო კომპანიების ლიდერებმაც გამოუცხადეს, როგორიცაა კორპორატიული გიგანტი "ჯეი-პი მორგან ჩეისი".
ბოიკოტის მონაწილეები აპროტესტებენ საუდის არაბეთის მთავრობის ცნობილი კრიტიკოსის მკვლელობას, რომელიც შეერთებულ შტატებში ცხოვრობდა და ოფიციალური რიადის ამ ამბავთან დამოკიდებულებას. თავიდან, მთელი ორი კვირის მანძილზე, რიადი აცხადებდა, რომ დისიდენტმა ჟურნალისტმა მათი საელჩოს შენობა უსაფრთხოდ დატოვა. რამდენიმე დღის წინ, საუდის არაბეთმა აღიარა, რომ ის სამი კვირის წინ, ჩხუბის დროს გარდაიცვალა.
რიადის ბოლო განცხადებით, ჯამალ ხაშოგის დაპირისპირება მოუვიდა სტამბოლში მდებარე საკონსულოს თანამშრომლებთან. გაწევ-გამოწევის და მისი გაკავების დროს, რომ საკონსულოდან არ გასულიყო, ის შემთხვევით გაიგუდა.
თურქეთი ამ ვერსიას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და თვლის, რომ ხაშოგი წამებით მოკლეს, მისი სხეული კი დაანაწევრეს და ისე გადამალეს. დისიდენტი ჟურნალისტის გვამი დღემდე ნაპოვნი არ არის.
Facebook Forum