ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ ყოფილი წამყვანი ტაკერ კარლსონი და თეთრი სახლის ყოფილი მრჩეველი ნილ პატელი თანხების მოზიდვას ცდილობენ ახალი მედია კომპანიის დასაარსებლად. გაზეთი „უოლ სტრიტ ჯორნალი“ იუწყება, რომ კომპანიამ მაუწყებლობა შესაძლოა „ტვიტერზე“ აწარმოოს.
გაზეთის ცნობით, კარლსონი და პეტალი ასობით მილიონი დოლარის მოზიდვას ცდილობენ.
მაუწყებლობის ნაწილი უფასო იქნება, თუმცა უფრო გრძელი ვიდეო მასალების სანახავად, მომხმარებელს არხის გამოწერა და ფულის გადახდა მოუწევს. მას შემდეგ, რაც კარლსონი „ფოქს ნიუსიდან“ წავიდა, ის „ტვიტერზე“ რეგულარულად აქვეყნებს მოკლე ქრონომეტრაჟის ვიდეოებს.
კარლსონსა და „ფოქს ნიუსს“ შორის თანამშრომლობა აპრილში დამთავრდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ტელე-არხის მმართველ კომპანია „ფოქს კორპორაციას“ ზიანის ანაზღაურებისთვის 787,5 მილიონი ამერიკული დოლარის გადახადა მოუწია „დომინიონ ვოუთნგისთვის“. კომპანიამ, რომელიც ამერიკაში ხმების დათვლის სისტემებს უზრუნველყოფს, „ფოქს ნიუსს“ სასამართლოში უჩივლა რეპუტაციის შელახვის და ცილისწამების გავრცელების გამო, რასაც საფუძვლად, ძირითადად, ტაკერ კარლსონის გადაცემები ედო, 2020 წლის არჩევნებში ხმების გაყალბების შესახებ. სასამართლომ „დომინიონ ვოუთნგის“ სარჩელი სრულად დააკმაყოფილა.