ამერიკული მედიის ორი ცნობილი წამყვანის, დონ ლემონის "სი-ენ-ენიდან" (CNN) და ტაკერ კარლსონის "ფოქსიდან" (FOX) წასვლის შესახებ ინფორმაცია შეერთებულ შტატებში 24 აპრილს თითქმის ერთდროულად გავრცელდა. ლემონი მრავალი წლის მანძილზე "სი-ენ-ენის" წამყვანი და მისი ერთ-ერთი ტელესახე იყო, ისევე როგორც კარლსონი - "ფოქსზე".
ერთი საათიც არ იყო გასული მას შემდეგ, რაც ორშაბათს, "ფოქს-ნიუსმა" გმოაცხადა, რომ კომპანია მუშაობას ტაკერ კარლსონის გარეშე გააგრძელებს, როცა დონ ლემონმა განცხადება მისი სამსახურიდან გაშვების თაობაზე გააკეთა. ლემონი ამბობს, რომ "სი-ენ-ენის" დღევანდელმა გადაწყვეტილებამ მისი დათხოვნის შესახებ, ის "გააოგნა".
ლემონმა ცნობა "ტვიტერზე" გაავრცელა. "ვიფიქრებდი, რომ მენეჯმენტიდან ვინმეს ეყოფოდა ღირსება, რომ ეს ჩემთვის პირადად ეთქვა" - წერს ის. "სი-ენ-ენი" ლემონის წასვლას ადასტურებს, თუმცა მის განცხადებას "უზუსტოდ" მიიჩნევს. ტელეკომპანია "ტვიტერზევე" ამბობს, რომ მათ ლემონს "შესთავაზეს მენეჯმენტთან შეხვედრა, მაგრამ მან განცხადების "ტვიტერზე" გავრცელება არჩია".
კარლსონი გასულ წელს არხზე ყველაზე რეიტინგული გადაცემის წამყვანი იყო. ტელეკომპანია არაფერს ამბობს მისი სამსახურიდან წასვლის მიზეზებზე და აცხადებს, რომ მხარეები მათი "გზების გაყოფაზე შეთანხმდნენ". ვრცელდება დაუდასტურებელი სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ კარლსონის წასვლა შესაძლოა "ფოქსის" სასამართლო საქმეს უკავშირდებოდეს.
"ფოქსს" და მის წამყვანებს კომპანია "დომინიონი" უჩიოდა, რის გამოც ტელეარხს სასამართლო გარიგების საფუძველზე, 18 აპრილს $787.5 მილიონის გადახდა მოუწია. საქმე 2020 წლის ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. არჩევნების გაშუქების დროს, "ფოქსის" წამყვანების ნაწილი აცხადებდა, რომ "დომინიონის" მიერ წარმოებული ხმის დამთვლელი მანქანები შედეგების გასაყალბებლად, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ და ჯო ბაიდენის სასარგებლოდ გამოიყენეს.
"დომინიონმა" "ფოქს-ნიუსს" და მის მშობელ კორპორაცია "ფოქსს" კომპანიის საქმიანობისთვის მიყენებული რეპუტაციული ზარალისთვის უჩივლა. ამერიკის და მსოფლიოს ამ ერთ-ერთ წამყვან ტელეკომპანიას წინ მეორე, ანალოგიური საქმე აქვს, რომელშიც მომჩივანი კომპანია "სმარტმატიკი" მიყენებული ზარალისთვის $2.7 მილიარდს ითხოვს. "ფოქსი" ბრალს არ აღიარებს.
ამერიკულ მედია-საშუალებებში წერენ, რომ წამყვანი ჟურნალისტების გაშვება შესაძლოა, ამერიკის ამ ორ წამყვან ტელეარხზე მიმდინარე გარკვეულ ცვლილებებზე მიანიშნებდეს. ორივე ჟურნალისტი გამოკვეთილად კონსერვატორული ან ლიბერალური მიმართულების წამყვანი იყო.
Facebook Forum