ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

“ჭაღარა“ პრიგოჟინის ნაცვლად - ვინ სურს პუტინს „ვაგნერის“ მეთაურად?


რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ „ვაგნერის“ ჯგუფის დაქირავებულ მებრძოლებს, ევგენი პრიგოჟინის ნაცვლად, „ჭაღარას“ მეტსახელით ცნობილი პირი შესთავაზა.

ვინ არის „ჭაღარა“

ევროკავშირის სანქციების დოკუმენტის, ასევე საფრანგეთის ოფიციალური დოკუმენტებისა და რუსული მედიის ცნობით, „ჭაღარა“ არის „ვაგნერის“ ერთ-ერთი უმაღლესი მეთაურის, ანდრეი ტროშევის მეტსახელი. სწორედ ამ სახელით აღწერს მას საფრანგეთის ხაზინის დეპარტამენტი.

ევროკავშირი ამბობს, რომ ტროშევი ახლოსაა დმიტრი უტკინთან, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სპეციალური ძალების ყოფილ ოფიცერთან და „ვაგნერის“ მთავარ დამფუძნებელთან.

ტროშევს „ჭაღარათი“ ასევე მოიხსენიებენ „ვაგნერის“ მხარდამჭერ „ტელეგრამის“ ჯგუფებში, როგორც "ვაგნერის" ერთ-ერთ უამაღლესი რანგის მეთაურს.

რუსული გამოცემა „კომერსანტი“ ვლადიმირ პუტინის ციტირებისას ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი, „ვაგნერის“ რეალურ მეთაურად სწორედ ტროშევს მოიაზრებდა.

2021 წლით დათარიღებულ დოკუმენტში, ევროკავშირი ტროშევს „ვაგნერის აღმასრულებელ დირექტორად“ მოიხსენიებს და ამბობს, რომ ის ჯგუფის დამფუძნებელი წევრია.

„ანდრეი ტროშევი უშუალოდ არის ჩართული სირიაში „ვაგნერის“ ჯგუფის სამხედრო ოპერაციებში“, - აცხადებენ ევროკავშირში.

ტროშევს „ვაგნერის“ აღმასრულებელ ხელმძღვანელად მოიხსენიებენ ბრიტანულ დოკუმენტებშიც.

რუსული წყაროების ცნობით, ანდრეი ტროშევი 1962 წლის 5 აპრილს, სანქტ-პეტერბურგში, იმჟამინდელ ლენინგრადში დაიბადა. თუმცა, უცნობია, დასავლური სანქციების დოკუმენტებში, რატომ არის მისი დაბადების თარიღად 1959 წლის 5 აპრილი მითითებული.

საბჭოთა პერიოდში ის იბრძოდა ავღანეთში. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ტროშევი მსახურობდა ჩრდილოეთ კავკასიაში, რუსულ არმიაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სწრაფი რეაგირების სპეციალურ ძალებში და დანაყოფის მეთაურიც იყო.

ავღანეთში მსახურებისთვის მას წითელი ვარსკვლავის ორდენი ორჯერ მიანიჭეს. ტროშევს ასევე აქვს მიღებული რუსეთის უმაღლესი რანგის მედალი - „რუსეთის გმირის" წოდება, რომელიც მან 2016 წელს, სირიის პალმირაში ისლამური სახელმწიფოს მებრძოლების წინააღმდეგ შტურმისთვის მიიღო.

XS
SM
MD
LG