"თქვენ დათხოვილი ხართ" - ეს იყო მთავარი ფრაზა, რომლითაც დონალდ ტრამპმა ერთ დროს პოპულარულ ტელე-შოუში მაყურებელს თავი დაამახსოვრა. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ შესაძლოა, როგორც პრეზიდენტი, ის ისტორიაში სხვასთან ერთად, ამ ნიშნითაც შევიდეს: მთავრობიდან რეკორდული რაოდენობის თანამშრომლის გათავისუფლებით.
დღეს, ამერიკის პრეზიდენტი დაიმუქრა, რომ თეთრი სახლიდან კიდევ უფრო მეტ წამყვან თანამშრომელს გაუშვებს. "ცვლილებებს სხვადასხვა მიმართულებით განვახორციელებ" - უთხრა მან კონსერვატიული ახალი ამბების ვებგვერდის "დეილი ქოლერი" ჟურნალისტს. "საუბარია რამდენიმე სახელზე, ბევრზე - არა" - დასძინა მან.
6 ნოემბერს, დემოკრატების მიერ წარმომადგენელთა პალატაში მოპოვებული გამარჯვებისთანავე, ტრამპმა სამსახური დაატოვებინა გენერალურ პროკურორ ჯეფ სეშენსს. ოთხშაბათს კი, ერთი კვირის თავზე დააკმაყოფილა მეუღლის, მელანია ტრამპის მოთხოვნა და გაათავისუფლა უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის მოადგილე მირა რიკარდელი. იმ მიმომხილველების პასუხად კი, რომლებიც აცხადებენ, რომ თეთრ სახლში საკადრო კრიზისია, პრეზიდენტმა ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ "თეთრი სახლი ძალიან გამართული მუშაობს... მსოფლიოს ჩვენი შურს".
მაღალჩინოსნებს შორის, რომლებიც ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა გაათავისუფლა, ან ოფიციალური ვერსიით, პოსტი საკუთარი ნებით დატოვეს, არიან: რექს ტილერსონი - ყოფილი სახელმწიფო მდივანი; ჯეფ სეშენსი - ყოფილი გენერალური პროკურორი; ნიკი ჰეილი - გაეროში შეერთებული შტატების ელჩი; ეიჩ-არ მაკმასტერი - თეთრი სახლის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში; დევიდ შულკინი - ვეტერანთა დეპარტამენტის მდივანი; გარი კონი - თეთრი სახლის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში და სხვა.
Facebook Forum