ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საფრანგეთში ვიზიტიდან დაბრუნდა. პარიზში ის მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, პირველი მსოფლიო ომის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ესწრებოდა.
პრეზიდენტმა ტრამპმა ვიზიტის დროს და მისი დასრულებისთანავე, არაერთი ე.წ. „ტვიტი“ გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში. მისი ქმით, ამ შეხვედრებზე „ბევრი რამ იყო მიღწეული“. თუმცა მან იქვე დასძინა, რომ აუცილებელი იყო კიდევ ერთხელ იმ ფაქტის წინ წამოწევა, რომ ამერიკას სამართლიანად უნდა მოექცნენ, როგორც სამხედრო, ისე სავაჭრო პარტნიორობის თვალსაზრისით.
ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ მაშინ, როცა აშშ სხვა ქვეყნების სამხედრო თავდაცვაში ასობით მილიარდ დოლარს ხარჯავს, „ჩვენი „დიდი პრივილეგია“ მხოლოდ ისაა, რომ ვკარგავთ ასობით მილიარდ დოლარს ამავე ქვეყნებთან ვაჭრობისას.“
ტრამპის განცხადების თანახმად, მან პარტნიორებს უთხრა, რომ ასე ვეღარ გაგრძელდება. „ეს არის და ყოველთვის იყო გასაოცრად უსამართლო ამერიკის მიმართ. უზარმაზარი რაოდენობის თანხები იხარჯება სხვა ქვეყნების დაცვაზე და ჩვენ არაფერს ვიღებთ, გარდა სავაჭრო დეფიციტისა და დანაკარგისა. დროა, ამ ძალიან მდიდარმა ქვეყნებმა ან გადაუხადონ ამერიკას მისი დიდი სამხედრო დაცვისთვის, ან დაიცვან საკუთარი თავი. ვაჭრობა კი უნდა გახდეს თავისუფალი და სამართლიანი“, - დაწერა პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".
ტრამპი თითქმის ორწლიანი პრეზიდენტობის განმავლობაში ხშირად საუბრობდა იმაზე, რომ ნატოს ბევრი წევრი სახელმწიფო ჯერ კიდევ არ ასრულებს პირობას: დახარჯოს ქვეყნის ეკონომიკის 2% თავდაცვაზე. ამ დასახულ მიზანს წელს სავარაუდოდ ნატოს 8 წევრი ქვეყანა შეასრულებს: აშშ, ბრიტანეთი, საბერძნეთი, ესტონეთი, რუმინეთი, პოლონეთი, ლატვია და ლიტვა.
ამერიკის ყველაზე დიდი ინდივიდუალური სავაჭრო პარტნიორი ჩინეთია. ჩუმცა, ამერიკის ვაჭრობა ჯამურად უფრო დიდია ვიდრე 28-წევრიანი ევროკავშირის. ტრამპმა ამ მიმართულებითაც არაერთხელ არნიშნა, რომ ევროპას გასულ წელს ამერიკასთან 101 მილიარდი დოლარის ოდენობის სავაჭრო უპირატესობა ჰქონდა - რაც იმას ნიშნავს, რომ ევოპულმა კომპანიებმა ამ ღირებულების პროდუქტი და სერვისი გაყიდეს შტატებში, თავად კი გაცილებით ნაკლების იმპორტი შეიტანეს ამერიკიდან.
ბოლო თვეებში ტრამპმა ევროპული ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე ახალი ტარიფები დააწესა. პასუხად, ევროკავშირმა ისეთ საფირმო ამერიკულ პროდუქტზე გაზარდა ატრიფები, როგორიცაა ლურჯი ჯინსი, მოტოციკლები, ფორთოხლის წვენი და ბურბონი.
პრეზიდენტი ტრამპი პირველი მსოფლიო ომის დასრულების საუკუნოვან იუბილეზე, ამერიკელი ჯარისკაცების სამხედრო სასაფლაოზე მივიდა, რომელიც პარიზის დასავლეთით მდებარეობს და პატივი მიაგო იმ ამერიკელი ჯარისკაცების ხსოვნას, რომლებიც ამ ომში დაიღუპნენ. საიუბილეო ღონისძიებებს მსოფლიოს თითქმის 70 ქვეყნის ლიდერები ესწრებოდნენ.
დონალდ ტრამპისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის შეხვედრა ამჯერად არ იყო ისეთი თბილი და მეგობრული, როგორიც მათი წინა შეხვედრები იყო. პრეზიდენტმა ტრამპმა "შეურაცხმყოფელი უწოდა" მაკრონის განცხადებას, რომ ევროპას საკუთარი ჯარი სჭირდება ჩინეთის, რუსეთის და შეერთებული შტატებისგან თავდასაცავად.
პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს კი მკვეთრი რეაქცია არ გამოუხატავს. მან მხოლოდ აღნიშნა, რომ ეს პროცესი დადებითია "მსოფლიოს მრავალპოლუსიანი ხასიათის გაძლიერებიდან გამომდინარე" და ამ მხრივ, მისი პოზიცია ემთხვევა საფრანგეთის პოზიციას.
მოგვიანებით დონალდ ტრამპმაც და ემანუელ მაკრონმაც აღნიშნეს, რომ მათ ძლიერი ევროპა სურთ. მაკრონმა ტელეკომპანია "სი-ენ-ენის" ჟურნალისტ ფარიდ ზაქარიასთან თავისი პოზიცია განმარტა: "გულწრფელად რომ გითხრათ, მე არ მინდა, ევროპულმა ქვეყნებმა გაზარდონ თავიანთი თავდაცვის ბიუჯეტი იმისთვის, რომ ამერიკული ან სხვა ქვეყნების იარაღი, ან სხვა სამხედრო შეიარაღება იყიდონ... ვფიქრობ, თუ ჩვენ გავზრდით ჩვენს ბიუჯეტს ეს იმისთვის უნდა იყოს, რომ გაიზარდოს ჩვენი ავტონომია და გავხდეთ ბუნებრივი, სუვერენული ძალა", თქვა ემანუელ მაკრონმა.
Facebook Forum