6 ნოემბრის შუალედურ არჩევნებზე გამარჯვებას ორივე პარტია ზეიმობს, როგორც დემოკრატები, ასევე რესპუბლიკელები. ორივეს მართლაც აქვს საზეიმო: დემოკრატიულმა პარტიამ ბოლო 8 წლის მანძილზე პირველად მოიგო მანდატების უმრავლესობა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში. რესპუბლიკური პარტია კი სენატში უმრავლესობის შენარჩუნებას და გაზრდას ზეიმობს, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. საბოლოო ჯამში, ვინ დარჩა მოგებული?
1. მოგებულია დემოკრატია და პლურალიზმი. ვაშინგტონი აღარ არის ერთპარტიული. 2017 წლის 20 იანვრიდან, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოფიციალური ინაუგურაციიდან, რესპუბლიკელები აკონტროლებდნენ ხელისუფლების ორ შტოს: აღმასრულებელს (პრეზიდენტი თეთრ სახლში) და საკანონმდებლოს (სენატი და წარმომადგენელთა პალატა). დღეიდან ძალთა ბალანსი იცვლება: ოპოზიცია, ანუ დემოკრატიული პარტია გააკონტროლებს წარმომადგენელთა პალატას.
2. დონალდ ტრამპი ძლიერი და ანგარიშგასაწევი ლიდერია. თუ აქამდე ვინმეს ჯერ კიდევ ეგონა, რომ ტრამპმა პრეზიდენტობა შემთხვევით მოიპოვა და ეს უფრო დემოკრატთა სისუსტის გამო მოხდა, კიდევ ერთხელ მოუწევს დაფიქრება. ტრამპმა შესძლო, რომ შუალედური არჩევნები საკუთარ რეფერენდუმად ექცია, მთავარი ყურადღება გაძლიერებულ ეკონომიკაზე და იმიგრაციის პრობლემაზე გადაეტანა. მან აქტიური კამპანიები ჩაატარა იმ შტატებში, სადაც რესპუბლიკელი სენატორების გამარჯვება პარტიისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი იყო და წარმატებას მიაღწია კიდეც. ეს ყოველივე 2020 წელს მისი ხელმეორედ არჩევის შანსებს ზრდის.
3. ქალები წარმომადგენელთა პალატაში რეკორდული რაოდენობით იქნებიან. არსებული მონაცემებით, წარმომადგენელთა პალატაში 90 ქალი იქნება. მაგრამ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მათი რაოდენობა, ხმის დათვლის პროცესის დასრულების შემდეგ, 100-ს გადააჭარბებს და მთელ კონგრესში რეკორდულად მაღალი, სულ ცოტა, 118 იქნება. აქაც შესაძლოა საქმე ტრამპის ფენომენთან გვქონდეს, რადგან პრეზიდენტის წინააღმდეგობრივმა ფიგურამ ბოლო ორ წელიწადში ქალთა აქტივიზმის არნახული ტალღა გამოიწვია და ისინი პოლიტიკაშიც მეტად ვიხილეთ. „პირველი ქალი“ - ეს ორი სიტყვა ძალიან ხშირად ისმის არჩევნების შედეგების მიმოხილვაში. პენსილვანიის შტატს, რომელიც აქამდე მხოლოდ კაცებს ირჩევდა, ახლა ოთხივე წარმომადგენელი ქალი ეყოლება. აიოვაშიც კი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე პრეზიდენტმა ტრამპმა მოიგო, ორმა დემოკრატმა ქალმა რესპუბლიკელ კანდიდატ კაცებს მანდატები დაათმობინა.
4. ადგილობრივი რეფერენდუმების შედეგები ოდნავ მარცხნივ გადაიხარა, თუმცა ადგილობრივ მთავრობებს ისევ რესპუბლიკელები აკონტროლებენ. 6 ნოემბერს ამერიკელები მარტო კონგრესის კანონმდებლებს არ ირჩევდნენ. მათ შემოხაზეს 50-დან 36 შტატის გუბერნატორთა გვარები, აირჩიეს 6 ათასზე მეტი შტატის კანონმდებელი და პასუხი გასცეს მთელ რიგ სარეფერენდუმო კითხვებს. ყურადღების ცენტრში მოექცა ფლორიდის შტატი, სადაც 100 000-ზე მეტ პატიმარს მალე ხმის მიცემის უფლება ექნება და ვირჯინიის შტატი, რომლის მოქალაქეებისთვის ჯანდაცვის სახელმწიფო შეღავათები გაფართოვდება. დემოკრატმა გუბერნატორებმა მოიგეს ილინოისის, მიჩიგანის, ნევადის, ნიუ-მექსიკოს და ვისკონსინის შტატები, რაც მნიშვნელოვან გამარჯვებად ითვლება. თუმცა, მათ წააგეს ფლორიდა, აიოვა და ჯორჯია, არანაკლებ კრიტიკული შტატები. ზოგადად, ისტორიულად, ამერიკის ადგილობრივ მთავრობებში, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო შტოში, უმეტესად რესპუბლიკური პარტია დომინირებს.
5. ამერიკის მთავრობა კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. წელს მიჩიგანიდან და მინესოტიდან შეერთებული შტატების უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პირველად აირჩიეს მუსლიმი ქალები. კანზასმა და ნიუ-მექსიკომ პირველად აირჩია ამერიკელი ინდიელი ქალები წარმომადგენელთა პალატაში. ამასთან, კანზასის კანონმდებელი პირველადაა ღიად ლესბოსელი ქალი. მასაჩუსეტსი, ნიუ-ჯერსი და ალაბამა პირველად მოიგეს შავკანიანმა ქალებმა. კოლორადოში კი გუბერნატორი პირველად იქნება ღიად გეი კაცი. წარმომადგენელთა პალატას ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ქალი კანონმდებელიც ეყოლება, ეს არის ნიუ-იორკის შტატის წარმომადგენელი, რომელიც სულ 29 წლისაა.
6. ვაშინგტონში პარტიული დაპირისპირება კიდევ უფრო გაღრმავდება. დემოკრატი ლიდერები, რომელთაც წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობა მოიგეს და შესაბამისად, მასზე კონტროლი მოიპოვეს, უკვე იმუქრებიან, რომ პრეზიდენტ ტრამპის და მისი გარემოცვის საქმიანობასთან დაკავშირებით, ახალ გამოძიებებს დაიწყებენ. მათ შორის, საუბარია ტრამპის ბიზნეს-იმპერიის საქმიანობაზე და პრეზიდენტის მიერ პირველი ორი წლის მანძილზე მიღებულ გადაწყვეტილებებზე. რესპუბლიკელების მიერ მართული კონგრესის ორი პალატა, ხშირად უარს ამბობდა ამ საკითხებზე სპეციალური მოსმენის გამართვაზე. წარმომადგენელთა პალატის ყოფილი სპიკერი ნენსი პელოსი, რომელიც სავარაუდოდ კვლავ დემოკრატთა უმრავლესობის ლიდერი გახდება, ამბობს, რომ დღევანდელი დღე უფრო მეტია ვიდრე დემოკრატების და რესპუბლიკელების დაპირისპირება, საქმე ეხება „ტრამპის ადმინისტრაციაზე საკონსტიტუციო კონტროლის აღდგენას“.
Facebook Forum