შუალედური არჩევნების კენჭისყრის დღეს სოციალური მედიის ე.წ. ტროლებმა დეზინფორმაციის ახალი ტალღა ააგორეს. თუმცა, ჩარევისა და კოორდინირებული კიბერ-თავდასხმის ნიშნები არ გამოვლენილა.
საარჩევნო უბნებიდ დახურვამდე, ამერიკის შიდა უსაფრთხოების მდივანმა კირსტენ ნილსენმა თქვა, რომ რუსეთი სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოსაყენებლად მზად იყო. თუმცა მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათმა ორწლიანმა ძალისხმევამ შედეგი გამოიღო და ძირითადი საარჩევნო ინფრასტრუქტურა დაცული იყო. სისტემაზე უცხოეთიდან მართული ჰაკერული თავდასხმის მცდელობა არ დაფიქსირებულა. რაც შეეხება გამიზნულად გავრცელებულ დეზინფორმაციას, ნილსენის თქმით, სოციალური ქსელების მფლობელმა კერძო კომპანიებმა მის აღმოსაფხვრელად იმუშავეს და ზოგიერთი შემთხვევა სამართალდამცავ სტრუქტურებსაც გადაეცა გამოსაძიებლად.
2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გამუდმებით ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სავარაუდოდ, რუსეთი შუალედურ არჩევნებზეც ეცდებოდა გავლენის მოხდენას. ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები კიბერ-უსაფრთხოების ერთიანი მიდგომის საჭიროებაზე საუბრობდნენ და ამბობდნენ, რომ საარჩევნო სისტემების დაცვა მთავარი პრიორიტეტი იყო.