გათვლა, თუ რამდენად სავარაუდოა პრეზიდენტ ტრამპის მეორე ვადით არჩევა, ევროპის დედაქალაქებში იცვლება. აქამდე ფიქრობდნენ, რომ პრეზიდენტი თეთრ სახლს მხოლოდ ერთი ვადით დაიკავებდა. თუმცა, სენატში რესპუბლიკელების მიერ შუალედურ არჩევნებზე მოპოვებული წარმატება ამ წარმოდგენას ცვლის.
ევროპელი ლიდერების ნაწილს მიაჩნია, რომ ევროპა უნდა ეცადოს შეიმუშავოს გარკვეული მიდგომა ამერიკის ლიდერთან, რომელიც საგარეო პოლიტიკას უყურებს, როგორც ნულოვანი ჯამის თამაშს, სადაც მხოლოდ ერთი გამარჯვებულია და რომელიც ტრადიციულ პოლიტიკურ ჩარჩოებში არ ჯდება. იმ მოლოდინის სანაცვლოდ, რომ ტრამპი თეთრ სახლს დატოვებს და მის ადგილს უფრო ტრადიციული, ტრანსატლანტიკური ურთიერთობის მხარდამჭერი ლიდერი დაიკავებს და ურთიერთობა ძველ კალაპოტს დაუბრუნდება, დღეს უკვე საჭირო ხდება საერთო პოზიციის შემუშავება ვაშინგტონის მიმართ.
თუმცა, კონსენსუსი იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს, ჯერჯერობით არ არსებობს.
ევროპელი პოლიტიკოსები ორ ფრთად იყოფიან: ნაწილი ფიქრობს, რომ საჭიროა ამერიკის ინტერესების უფრო მეტად გათვალისწინება, რათა დაძაბული ურთიერთობა გაუმჯობესდეს. ხოლო მეორენი თვლიან, რომ ევროპამ უფრო აქტიური, სათავისო პოლიტიკა უნდა გაატაროს. ეს უკანასკნელნი მიიჩნევენ, რომ ევროპის სტრატეგია, მორგებოდა ტრამპის პოზიციებს, უკვე არ გამართლდა.
ამ დებატებმა სათავე ტრამპის თეთრ სახლში მოსვლიდან რამდენიმე თვეში აიღო. მაშინ ევროპის ლიდერები გაურკვევლობაში დატოვა ამერიკის პრეზიდენტის მისი წინამორბედებისგან განსხვავებულმა, არატრადიციულმა, გამორჩეულმა მიდგომამ და დიპლომატიური ნორმების უგულვებელყოფამ.
ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ, ბევრი ევროპელი პოლიტიკოსი ფიქრობდა, რომ რესპუბლიკელები ვერ მოახერხებდნენ საკუთარი მხარდაჭერის გაზრდას და რომ დემოკრატების მიერ წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლი, ვაშინგტონს მათთვის უფრო მოსაწონი საგარეო პოლიტიკისკენ გადახრიდა.
თუმცა, გასულმა არჩევნებმა ტრამპის ერთგვარი 'პოპულიზმის ბრენდის' სიმტკიცე აჩვენა. ტრამპის ფიგურამ ხელი შეუწყო არჩევნებზე რესპუბლიკელების ე.წ. წითელ ტალღას და მათ სენატში უფრო მეტი მანდატი მოუტანა, ვიდრე ანალიტიკოსები ელოდნენ.
ევროპელი პოლიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ ამის გათვალისწინებით, ტრამპთან ურთიერთობა მომავალი ორი წლის მანძილზე უფრო გართულდება. ისინი თვლიან, რომ ტრამპი უფრო მეტი შემართებით გააგრძელებს იმ პოლიტიკას, რომელმაც ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში განხეთქილება გამოიწვია.
ამერიკის და ევროპის უთანხმოება ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ორი წლის განმავლობაში, მოჰყვა ვაშინგტონის გადაწვეტილებას, დაეტოვებინა ირანთან დადებული საერთაშორისო ხელშეკრულება, გამოსულიყო პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან და გაელაშქრა მოკავშირეების, მათ შორის გერმანიის წინააღმდეგ არასამართლიანი ვაჭრობის და ნატოს ხარჯების არათანაბარი გადანაწილების გამო.
„პრეზიდენტის აღმასრულებელი ძალაუფლებები, განსაკუთრებით საგარეო პოლიტიკაში, ხელშეუხებელი რჩება“. - ამბობს ნორბერტ როტგენი, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე გერმანულ რადიოსთან საუბარში. „ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რომ მისი წარუმატებლობა [წარმომადგენელთა პალატაში] მას გააშმაგებს“, - ამბობს ის.
გერმანელი პოლიტიკოსის აზრით, ტრამპი 2020 წლის საარჩევნო კამპანიაზე დაიწყებს ფიქრს. როტგენი ამბობს, რომ ის ეცდება მისი საბაზისო ამომრჩევლის მხარდაჭერის მობილიზებას. იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპს ახლა უკვე საშინაო საკითხებზე წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატებთან მოუწევს გამკლავება, ის სავარაუდოდ უფრო მეტად ფოკუსირდება საგარეო პოლიტიკაზე, - ამბობს როტგენი.
„ტრანსატლანტიკური ალიანსი დაძაბულია“, - თქვა პიტერ უესტმაკოტმა, ბრიტანეთის ყოფილმა ელჩმა შეერთებულ შტატებში. „ცვლილებები წარმომადგენელთა პალატაში, პრეზიდენტ ტრამპის პოლიტიკას ისეთ საკითხებზე, სადაც ის მოკავშირეებთან უთანხმოებაშია, არ შეცვლის. იქნება ეს კლიმატური ცვლილებები, მშვიდობა ახლო აღმოსავლეთში, სავაჭრო პოლიტიკა, ირანი, რუსეთი, თუ საერთაშორისო ინსტიტუტების მნიშვნელობა“, - ამბობს უესტმაკოტი.
მარტინ კიტლის, ბრიტანული გამოცემა "გარდიანის" ერთ-ერთი სვეტის ავტორის აზრით, შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ ტრამპის საგარეო პოლიტიკური რევოლუცია კიდევ უფრო მეტად მოიკიდებს ფეხს.
„მას უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე აქამდე ჰქონდა, რომ მეორე ვადით მოიპოვოს გამარჯვება, განსაკუთრებით თუ დემოკრატები დაიყოფიან. ეს შუალედური არჩევნები მსოფლიოს ძალიან მნიშვნელოვან რამეს დაანახებს. ის აჩვენებს, რომ [საგარეო პოლიტიკაში] „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ [მიდგომა] შენარჩუნებული იქნება და რომ ეს ახალი რეალობაა და არა არასასურველი ანომალია, რომლის შემდეგაც შეგვიძლია 2016 წლის სტატუს კვოს დავუბრუნდეთ“, - ამბობს ის.
მოკლე თუ გრძელი ვადით, ტრამპის „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ პოლიტიკა ევროპისთვის გამოწვევად რჩება. შედეგად, ევროპელები ფიქრობენ მის დაბალანსებას „ევროპა უპირველეს ყოვლისა“ მიდგომით. თუმცა, ყველაფერთან ერთად, განხეთქილება ევროპაში ერთიანი პოლიტიკის შემუშავებას ართულებს.
ბრიტანელი და გერმანელი ოფიციალური პირები საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს იმპულსურობაში დებენ ბრალს. ისინი ამბობენ, რომ პრეზიდენტისგან დე გოლის ტიპის გამოსვლა გასულ კვირას, მისი საუბარი ევროპულ საერთო არმიაზე და ამერიკაზე დამოკიდებულების შემცირებაზე, დაუფიქრებელი სვლა იყო დაძაბული ტრანსატლანტიკური ურთიერთობის ფონზე. ბრიტანეთი და გერმანია მაკრონის ერთიანი ევროპული არმიის იდეას სკეპტიკურად უყურებენ. სკეპტიკოსების აზრით, მსგავსი სვლა ვერ ჩაანაცვლებს ამერიკულ სამხედრო სიძლიერეს და მის მნიშვნელობას ევროპული თავდაცვისთვის.
პირველი მსოფლიო ომის 100 წლისთავის აღსანიშნავად, დონალდ ტრამპის საფრანგეთში ჩასვლამდე ერთი დღით ადრე, მაკრონი ევროპული საერთო თავდაცვის და შეარაღებული ძალების წინადადებით გამოვიდა. მაკრონისგან განსხვავებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა სხვა ტონი არჩია. ჰეიკო მასმა ხაზი გაუსვა, რომ შუალედური არჩევნები არ შეცვლის დაძაბულობას ორმხრივ ურთიერთობებში და აღნიშნა, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები რჩება ევროპის მიღმა მთავარ მოკავშირედ“. მისი თქმით, ევროპამ უნდა „გადააფასოს და გადააწყოს ურთიერთობები შეერთებულ შტატებთან, რათა ეს პარტნიორობა შეინარჩუნოს“.
მიმომხილველების ნაწილი ფიქრობს, რომ ევროპის ლიდერების ნაწილი შეეცდება ვაშინგტონთან და ტრამპის ადმინისტრაციასთან საერთო ენის გამონახვას. ისინი ორმაგად შეეცდებიან ვაშინგტონთან ისეთ საკითხებზე მიაღწიონ შეთანხმებას, როგორიცაა სავაჭრო უთანხმოებები.
შუალედური არჩევნების შემდეგ, ევროპელებმა შესაძლოა ტრამპის ჩინეთის მიმართ პოლიტიკასაც მხარი დაუჭირონ. ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა გამოცემა "დეილი ტელეგრაფში" ტრამპი შეაქო პეკინის „პროტექციონისტული და ნაციონალისტური პოლიტიკის“ კრიტიკის გამო. მისი თქმით, ჩინეთი მიმართავს არასამართლიან სავაჭრო პრაქტიკას და იპარავს დასავლურ ტექნოლოგიურ გარღვევებს. მან ეს ტრამპის „ერთ-ერთ მიღწევად“ შეაფასა და მოუწოდა დასავლეთის და აზიის სხვა ქვეყნებს, რომ გაიაზრონ ის საშიშროება, რასაც ჩინეთი დასავლეთისთვის წარმოადგენს.
Facebook Forum