ამერიკული საინფორმაციო საშუალებები მორიგ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებენ. "ბაზფიდმა" (BuzzFeed) ხუთშაბათს, დღის მეორე ნახევარში, ორი ფედერალური სამართალდამცავის ჩვენებაზე დაყრდნობით დაწერა, რომ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის ადვოკატს დაავალა, კონგრესში ტყუილი ეთქვა. "ბაზფიდმა" ინფორმაცია წყაროთა ანონიმურობის შენარჩუნების პირობით გამოაქვეყნა.
საუბარია ტრამპის ადვოკატ მაიკლ კოენზე, რომელიც გასულ წელს კონგრესში გამოიძახეს და მას კითხვები რუსეთში, პრეზიდენტის ბიზნეს-ინტერესებთან დაკავშირებით დაუსვეს. კერძოდ, კანონმდებლებს კითხვები ჰქონდათ მოსკოვში "ტრამპ თაუერის", მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობის გეგმებზე.
ანონიმური ოფიციალური წყაროების ცნობით, მაიკლ კოენი პრეზიდენტ ტრამპის მითითებაზე, სპეციალურ გამომძიებელს რობერტ მალერს გამოუტყდა. "ბაზფიდი" იუწყება, რომ ეს ორი სამართალდამცავი, ვინც მას ინფორმაცია მიაწოდა, თავადაც მონაწილეობს გამოძიებაში, რომელიც 2016 წელს ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის რუსეთთან სავარაუდო გარიგებას იძიებს.
რობერტ მალერი უკვე 20 თვეა საქმეს იძიებს. ე.წ. რუსეთის გამოძიება (მას მალერის გამოძიებასაც ეძახიან) ასევე არკვევს, მოხდა თუ არა პრეზიდენტ ტრამპის მხრიდან მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლა, როცა მან თანამდებობიდან გაათავისუფლა ჯეიმს კომი, გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორი. სწორედ ჯეიმს კომის მოხსნის შემდეგ დაინიშნა ვაშინგტონში სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი.
"ბაზფიდის" სტატიის მიხედვით, მაშინ ჯერ კიდევ ტრამპის პირადი ადვოკატი მაიკლ კოენი ედგა სათავეში რუსეთში ტრამპების უძრავი ქონების ბიზნესს. "კოენი რეგულარულად ატყობინებდა პრეზიდენტ ტრამპს და მის შვილს ივანკა ტრამპს პროექტის განვითარების დეტალურ ვითარებაზე" - წერს "ბაზფიდი". ტრამპი რუსეთში ბიზნეს-ინტერესების ქონას გამუდმებით უარყოფდა.
ინტერნეტ-გამოცემა "ბაზფიდი" ამერიკაში საკმაოდ პოპულარულია. ის 2006 წელს დაარსდა ქალაქ ნიუ-იორკში და დღეისთვის დაახლოებით 2 ათასამდე თანამშრომელი ჰყავს. კომპანიის წლიური შემოსავალი ბოლო მონაცემებით, 167 მილიონს აღემატება.
კონგრესის და სენატის დემოკრატი წარმომადგენლები ამ ინფორმაციას აღშფოთებით შეხვდნენ. "ბაზფიდის" ინფორმაცია თუ მართალია, ტრამპი "უნდა გადადგეს, ან მისი იმპიჩმენტი მოხდეს" - დაწერა სოციალურ ქსელ "ტვიტერზე წარმომადგენელთა პალატის დემოკრატმა წევრმა ტეხასის შტატიდან, ხოაკინ კასტრომ. "ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავადგინოთ, სიმართლეა თუ არა ეს" - თქვა კონგრესმენმა კალიფორნიიდან ადამ შიფმა.
"ბაზფიდი" აცხადებს, რომ მათი ინფორმაცია ეყრდნობა ტრამპის ორგანიზაციის რამდენიმე მოწმის დაკითხვას, ელექტრონულ მიმოწერას და მთელ რიგ სხვა დოკუმენტებს. დემოკრატ კონგრესმენთა ეჭვებს ამყარებს ის ფაქტიც, რომ ტრამპის ერთ-ერთმა ადვოკატმა რუდი ჯულიანიმ ტელეკომპანია "სი-ენ-ენთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ არასოდეს უთქვამს, თითქოს ტრამპის საპრეზიდენტო კამპანია, ან მისი ცალკეული წევრები რუსეთს არ გარიგებია, და რომ მან ბრალდება მხოლოდ პირადად ტრამპთან დაკავშირებით უარყო.
ხუთშაბათს რუდი ჯულიანიმ საკუთარ განცხადებაში მეტი სიცხადის შეტანის მიზნით თქვა: "მე წარმოვადგენ მხოლოდ პრეზიდენტ ტრამპს და არა ტრამპის კამპანიას. ტრამპი არ გარიგებია [რუსეთს] არცერთი გზით, სახით და ფორმით". თუმცა, ამერიკულ მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ კამპანიასთან დაკავშირებით იგივე განცხადება მარტო "ტვიტერზე" ტრამპმა სულ ცოტა, 13-ჯერ გააკეთა. ჯულიანიმ და ტრამპმა კი ერთად - 55-ჯერ.
ბოლოს ეს დეკემბერში მოხდა, როცა პრეზიდენტმა ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა: "დემოკრატები ვერ პოულობენ დანაშაულის კვალს ტრამპის კამპანიის რუსეთზე გადაბმის საქმეში... გარიგებას ადგილი არ ჰქონია. ეს იმიტომ, რომ გარიგება არ მომხდარა". ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სააგენტოების დასკვნას, რომ რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის სასარგებლოდ ჩაერია, რუსეთის მთავრობაც უარყოფს.
Facebook Forum