ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის კამპანიის მენეჯერმა რუსეთის დაზვერვას შიდა ინფორმაცია გადასცა


პოლ მანაფორტმა, რომელიც ორი წლის წინ პრეზიდენტ ტრამპის საარჩევნო კამპანიის მენეჯერი იყო, 2016 წელს, კამპანიის დოკუმენტები რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებულ ადამიანს გადასცა. ამ ფაქტს ადასტურებს სასამართლოს დოკუმენტები, რომელთა შესახებ დღეს გახდა ცნობილი.

გამოძიება სპეციალურ გამომძიებელს, რობერტ მალერს მიჰყავს. დღეს გახმაურებული დეტალები კიდევ უფრო მეტი ეჭვის საფუძველს იძლევა, რომ შესაძლოა, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის კამპანია მართლაც შეეცადა რუსეთის მთავრობასთან კოორდინაციას.

ფედერალურ პროკურორებს ჯერ საბოლოო დასკვნა ამ ბრალდებასთან დაკავშირებით არ გამოუტანიათ, თუმცა მედიაში უკვე ხშირად ახსენებენ სიტყვას "შეთქმულება". პროკურორები აცხადებენ, რომ მანაფორტმა, პოსტზე ყოფნის დროს, რუსებს გადასცა კამპანიის შიდა ინფორმაცია ჩატარებული გამოკითხვის შედეგების თაობაზე. შემდეგ კი მოიტყუა და გამოძიებას ეს ფაქტი დაუმალა. პროკურორები მანაფორტს ასევე ადანაშაულებენ იმაში, რომ ის გამოძიებასთან თანამშრომლობის პირობის მიუხედავად, რამდენჯერმე მოიტყუა.

პოლ მანაფორტი ბრალდებას უარყოფს. ის ამბობს, რომ კამპანიის ატმოსფერო მაშინ ძალიან ქაოტური იყო და ამ ფაქტის დეტალები უბრალოდ გამორჩა. გამოძიებამ კი დანამდვილებით დაადგინა, რომ მანაფორტმა ინფორმაცია გადასცა წარმოშობით უკრაინელ კონსტანტინ კილიმნიკს, რომელსაც ამერიკის ფედერალური პროკურორები რუსეთის დაზვერვასთან თანამშრომლობაში სდებენ ბრალს.

კილიმნიკი, რომელსაც შეერთებულ შტატებში მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხელის შეშლაში ედება ბრალი, რუსეთის დაზვერვაზე მუშაობას უარყოფს. ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას კრემლიც უარყოფს.

შეერთებული შტატების დაზვერვის სააგენტოების დასკვნით, რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ჩაერია. რობერტ მალერის გუნდი ახლა იძიებს იმას, იყო თუ არა წინასწარი გარიგება ტრამპის საარჩევნო კამპანიას და რუსეთის მთავრობას შორის. პრეზიდენტი ბრალდებას უარყოფს და მალერის გამოძიებას გამუდმებით "კუდიანებზე ნადირობას" უწოდებს.

მალერის გამოძიებამ მანაფორტს საქმე სხვა ბრალეულობის მიმართულებით, უკვე მოუგო. გამოძიებასთან თანამშრომლობენ და ბრალი ასევე აღიარეს ტრამპის კამპანიასთან დაკავშირებულმა სხვა მაღალჩინოსნებმა. მათ შორის არიან: პრეზიდენტ ტრამპის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში - მაიკლ ფლინი; მრჩეველი საგარეო ურთიერთობების საკითხებში ჯორჯ პაპადოპულოსი და ტრამპის პირადი ადვოკატი მაიკლ კოენი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG