გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორი ჯეიმს კომი აცხადებს, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავისი "ტყუილებით" ძირს უთხრის კანონის უზენაესობას ამერიკის შეერთებულ შტატებში. ის პრეზიდენტს გამოძიების ფედერალური ბიუროს რეპუტაციისთვის დიდი დარტყმის მიყენებაშიც ადანაშაულებს.
აღნიშნული განცხადება ჯეიმს კომიმ ორშაბათს, კონგრესში გამართული მოსმენის შემდეგ გააკეთა. მან ჩვენებები წარმომადგენელთა პალატის ორ კომიტეტს მისცა, რომელიც ფოკუსირდება სახელმწიფო მდივნობის პერიოდში, ჰილარი კლინტონის მიერ ელექტრონული მიმოწერის არასწორად მართვის საკითხებზე.
"ეს ხდება მაშინ, როცა შეერთებული შტატების პრეზიდენტი ცრუობს გამოძიების ფედერალური ბიუროს შესახებ, უტევს მას და იერიში მიაქვს კანონის უზენაესობაზე ამ ქვეყანაში. როგორ შეიძლება აქედან რაიმე აზრი გამოიტანო" - კითხულობს კომი და იქვე ადანაშაულებს რესპუბლიკელებს, რომლებსაც მისი თქმით, ზედმეტად ეშინიათ წინ აღუდგნენ ტრამპს და მის მხარდამჭერებს.
"რესპუბლიკელებს ადრე ესმოდათ, რომ პრეზიდენტის ქმედება მნიშვნელოვანია, პრეზიდენტის სიტყვები მნიშვნელოვანია, კანონის უზენაესობა მნიშვნელოვანია და სიმართლე მნიშვნელოვანია. სად არიან ეს რესპუბლიკელები" - აბობს კომი ჟურნალისტებთან საუბარში და რესპუბლიკელებს მოუწოდებს ხმა ამოიღონ, არ შეეშინდეთ ტრამპის მხარდამჭერების და დაიცვან "ამ ქვეყნის ფასეულობები".
კომის განცხადებებს ორშაბათს, დღის მეორე ნახევარში გამოეხმაურა თეთრი სახლის პრესსპიკერი სარა ჰაკაბი სანდერსი. "რესპუბლიკელები წინ უნდა აღუდგნენ კომის და მის უზარმაზარ კორუფციას" - დაწერა ჰაკაბიმ სოციალურ ქსელ "ტვიტერზე". პრესსპიკერის თქმით, პრეზიდენტმა საქვეყნო საქმე გააკეთა, როცა კომის "უსირცხვილო, ყალბი" პიროვნება გამოააშკარავა და ის სამსახურიდან გაათავისუფლა.
ჯეიმს კომი ტრამპმა 2017 წლის მაისში მას შემდეგ გაათავისუფლა, რაც მან უარი თქვა რუსეთთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების შეწყვეტაზე. მოგვიანებით, ეს გახდა ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმის, რომ ვაშინგტონში სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი დაინიშნა. მალერი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ტრამპის კამპანიის რუსეთთან სავარაუდო გარიგებას იძიებს.
Facebook Forum