ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფედერალური ბიუროს გენ. ინსპექტორი ჯეიმს კომის ადანაშაულებს


შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის შიდა გენერალური ინსპექტორი, ჰილარი კლინტონის მიერ ელექტრონული ფოსტის გამოძიების წარმართვის გარემოებების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე ყოფნის დროს, დემოკრატ ჰილარი კლინტონის მიერ, პირადი ელექტრონული ფოსტის სერვერის გამოყენებაზე დაწყებულმა გამოძიებამ, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მის წარუმატებლობაზე გადამწყვეტი როლი ითამაშა.

იუსტიციის დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის, მაიკლ ჰოროვიცის გამოძიებამ, ყურადღება გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი დირექტორის, ჯეიმს კომის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ხარისხზე გაამახვილა. კომიმ, არჩევნებამდე ოთხი თვით ადრე, ელექტრონული ფოსტით საიდუმლო მასალებზე მუშაობის საქმეზე კლინტონის კრიმინალური პასუხისმგებლობა საჯაროდ უარყო, თუმცა მანვე თქვა, რომ ის (კლინტონი) “უკიდურესად უპასუხისმგებლოდ“ მოიქცა. ამის შემდეგ, როდესაც ნოემბრის არჩევნებამდე ორ კვირაზე ნაკლები დრო რჩებოდა, ელექტრონული ფოსტის შეტყობინებების ახალი დასტის აღმოჩენის შემდეგ, მან გამოძიება განაახლა, თუმცა არჩევნებამდე ორი დღით ადრე, კლინტონი მეორედ გაამართლა.

კლინტონმა განაცხადა, რომ კომის მიერ გამოძიების მოგვიანებით განახლებამ, ტრამპთან მის წაგებაში როლი ითამაშა იმ დროს, როდესაც გამოკითხვები მის გამარჯვებას წინასწარმეტყველებდა და ბევრი ამომრჩეველი გადაწყვეტილებას იღებდა, თუ ხმა ვისთვის მიეცა. კომის ზოგიერთი დემოკრატი კრიტიკოსის აზრით, არჩევნების წინ ძალიან ცოტა ხნით ადრე იმის გამოცხადებით, რომ გამოძიებას განაახლებდა, კომიმ იუსტიციის დეპარტამენტის წესები დაარღვია.

კომი ბიუროს დირექტორის თანამდებობაზე ტრამპის თეთრ სახლში შესვლის შემდეგაც დარჩა, და ხელმძღვანელობდა ბიუროს გამოძიებას, რომელიც ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიის რუსულ ინტერესებთან შესაძლო საიდუმლო შეთანხმების არსებობას არკვევდა.

პრეზიდენტის პოსტის დაკავებიდან ოთხი თვის შემდეგ, ტრამპმა კომი მოულოდნელად გაათავისუფლა.

არჩევნებში რუსული ჩარევის გარდა, საგანგებო პროკურორი რობერტ მალერი იმასაც იძიებს, კომის დათხოვნით ტრამპმა ხომ არ შეუშალა ხელი მართლმსაჯულებას, ვინაიდან, კომიმ განაცხადა, რომ ტრამპმა ის იმის გამო დაითხოვა, რომ მას ერთგულება არ აღუთქვა და პრეზიდენტი საჯაროდ არ გაამართლა.

ტრამპმა და თეთრმა სახლმა კომის დათხოვნას რამდენიმე განმარტება მისცეს, მათ შორის კლინტონის საქმის გამოძიების წარმართვის საკითხიც იყო. თუმცა კომის დათხოვნიდან რამდენიმე დღის შემდეგ, ტრამპმა თქვა, რომ კომის დათხოვნის გადაწყვეტილების მიღებისას, ის „ამ რუსეთის რაღაცაზე“ ფიქრობდა. ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ მალერის გამოძიებას, დემოკრატების მიერ კლინტონის მოულოდნელი დამარცხების გამართლების საშუალებად განიხილავს. ის რუსებთან საიდუმლო გარიგებას და მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას უარყოფს.

ტრამპის მოკავშირეები იმედოვნებენ, რომ ჰოროვიცის 18 თვიანი გამოძიება მეტ დამაჯერებლობას შესძენს მათ განცხადებებს, რომ პრეზიდენტის მიერ კომის დათხოვნა სამართლიანი იყო იმის გამო, თუ მან კლინტონის საქმის გამოძიება როგორ წარმართა და ასევე ტრამპის წინააღმდეგ რამდენად მიკერძოებით იყო განწყობილი ბიუროს ზოგიერთი საკვანძო ოფიციალური პირი. ამასნ კი კლინტონის გამართლების გადაწყვეტილება გამოიწვია.

გასულ კვირაში, ტრამპმა ამ ანგარიშის და მისი მომზადების ხანგრძლივობის გამო შეშფოთება გამოთქვა.

ტრამპის „ტვიტში“ იკითხება: „გენერალური ინსპექტორის ანგარიშს თაღლით ჰილარიზე და უპრინციპო კომიზე, ამდენი დრო რატომ სჭირდება. უამრავი დაყოვნება. იმედია ანგარიშში ცვლილებები არ შევა და არ დასუსტდება ის. იმდენი საშინელი რამ არის სათქმელი. საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს. გამჭვირვალობა!“

გამოძიების ფედერალური ბიუროს მიმართ ტრამპის ხშირი დაჩივლების მიუხედავად, დემოკრატები ბიუროს თავს იმის გამო ესხმიან, რომ არჩევნებამდე თვეების განმავლობაში საჯაროდ არ გამოაცხადეს, რომ ტრამპის კამპანიის რუსეთთან კონტაქტებსაც იძიებდნენ.

ბიურო საჯაროდ იშვიათად აცხადებს გამოძიებების გარშემო ქმედებების შესახებ, რაც კლინტონის საქმის გამოძიების დროს, კომიმ ორჯერ გააკეთა. მან თქვა, რომ ეს გამოძიების მნიშვნელობიდან და საპრეზიდენტო კამპანიასთან მისი კავშირიდან გამომდინარე გააკეთა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG