მას შემდეგ, რაც ხუთშაბათს, დონალდ ტრამპის ყოფილმა პირადმა ადვოკატმა მაიკლ კოენმა აღიარა, რომ გამოძიებას ატყუებდა, ამერიკის პრეზიდენტმა ე.წ. მალერის გამოძიების კრიტიკა განაახლა. სპეციალური გამომძიებელი რობერტ მალერი 2016 წლის ამერიკის საპრედენტო არჩევნებზე ტრამპის საარჩევნო კამპანიას და რუსეთს შორის შესაძლო საიდუმლო გარიგებას იძიებს.
პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც ბუენოს-აირესში დიდი ოცეულის სამიტზე იმყოფება, გამოძიებას დღესაც "კუდიანებზე ნადირობა" უწოდა. შეერთებული შტატების ლიდერი იმეორებს, რომ რუსეთთან არანაირი საქმიანი კავშირები მას არ ჰქონია. "... მსუბუქად ვუყურებდი რუსეთში რამის მშენებლობას. ცენტი არ ჩამიდია, ცენტის გარანტიები არ მიმიღია და პროექტი ჩაიშალა. კუდიანებზე ნადირობა!' - წერს დღეს ტრამპი სოციალურ ქსელ "ტვიტერზე".
ჟურნალისტები, რომლებიც პრეზიდენტთან ერთად მოგზაურობდნენ, ამბობენ, რომ ის დღეს ცუდ ხასიათზე იყო. მედიის წარმომადგენლები ამ ფაქტს მისი ყოფილი პირადი ადვოკატის კოენის მიერ მიცემულ ახალ აღიარებით ჩვენებას უკავშირებენ.
კოენმა ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში გუშინ აღიარა, რომ გასულ წელს, კონგრესში მოიტყუა მოსკოვში ტრამპის სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით. აღიარებითი ჩვენების მიხედვით, ტრამპის კამპანიას და მოსკოვს შორის ბიზნეს-მოლაპარაკება 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროსაც გრძელდებოდა და ის არ შეწყვეტილა იანვარში, როგორც ამას მაშინ საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი საჯარო გამოსვლებში იმეორებდა.
მაიკლ კოენის მორიგი აღიარება იმაზე მიანიშნებს, რომ ე.წ. მალერის საგანგებო გამოძიება ტრამპის საარჩევნო კამპანიის მოსკოვთან კომუნკიკაციის საქმეში დაწინაურდა. კოენმა რამდენიმე თვის წინ თავი დამნაშავედ სცნო საარჩევნო კამპანიის დაფინანსების კანონმდებლობის დარღვევის გამო.
Facebook Forum