ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ადვოკატს და კამპანიის მენეჯერს ბრალი დაუმტკიცდა


პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 2016 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, ორი მოწმის გასაჩუმებლად გადახდილი თანხა, მისი პირადი ანგარიშიდან იყო და არა საარჩევნო კამპანიის შემოწირულობებიდან. პრეზიდენტი აქამდე ამბობდა, რომ არაფერი იცოდა ამ თანხის გადახდის შესახებ, მაგრამ ტელეკომპანია "ფოქსისთვის" მიცემულ ინტერვიუში გუშინ განაცხადა, რომ ამის შესახებ "მოგვიანებით შეიტყო".

ტელეკომპანიამ ინტერვიუს პირველი ნაწილი ოთხშაბათს, შუადღეზე გაუშვა. პრეზიდენტი დაბეჯითებით ამტკიცებს, რომ იმ ორი ქალისთვის გადახდილი თანხა, რომელთაც მასთან სავარაუდოდ ინტიმური ურთიერთობა ჰქონდათ, საარჩევნო კამპანიის ფონდიდან არ აუღიათ. ასეც რომ იყოს, "ეს კამპანიის წესების დარღვევაც კი არ არის" - აცხადებს დონალდ ტრამპი.

სამშაბათს, ნიუ-იორკის ფედერალურ სასამართლოში მისმა დიდი ხსნის პირადმა ადვოკატმა, მაიკლ დინ კოენმა აღიარა, რომ ქალებს ფული გადაუხადა და რომ პრეზიდენტმა ამის შესახებ განკარგულება თავად გასცა. 420 000 დოლარის გადახდის მიზანი კი მისი თქმით, "არჩევნებზე გავლენის მოხდენა" იყო.

ოთხშაბათსვე გამართულ ბრიფინგზე, თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა ჰაკაბი სანდერსმა რამდენჯერმე გაიმეორა, რომ პრეზიდენტს ცუდი არაფერი ჩაუდენია. პრეზიდენტის "ტყუილს", რომ არაფერი იცოდა ქალებისთვის ფულის გადახდის შესახებ, სანდერსმა "გაუგონარი ბრალდება" უწოდა. "მაიკლ კოენის მიერ სასამართლოსთან გარიგება ბრალის აღიარებით, არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტი ბრალდებულია" - აცხადებს თეთრი სახლის პრესმდივანი.

მეორე დამნაშავე, რომელსაც ალექსანდრიის (ვირჯინია) სასამართლომ ბრალეულობა 8 მუხლით დაუმტკიცა, პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიის ყოფილი მენეჯერი პოლ მანაფორტია. ის საარჩევნო კამპანიას სამი თვის მანძილზე მართავდა. მანაფორტს სექტემბერში კიდევ ერთი სასამართლო ელოდება, ამჯერად ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი).

ოთხშაბათს, სოციალურ ქსელ "ტვიტერზე" პრეზიდენტმა მანაფორტის საქებრად სიტყვები არ დაიშურა. დონალდ ტრამპმა იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიებას კვლავ "კუდიანებზე ნადირობა" უწოდა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG