პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის ყოფილი მენეჯერის პოლ მანაფორტის სასამართლო პროცესზე პროკურატურის და დაცვის მხარის იურისტები შემაჯამებელი სიტყვით დღეს გამოვლენ. მანაფორტს საგადასახადო და საბანკო თაღლითობაში ედება ბრალი. ნაფიც მსაჯულთა 12 კაციანი ჯგუფი მის წინაშე იურისტების წარდგომის შემდეგ ბრალდებულს ვერდიქტს გამოუტანს.
მანაფორტის დაცვის მხარემ სამშაბათს მოწმეების დაკითხვაზე უარი თქვა და არც ბრალდებულის მიერ ჩვენების მიცემა მოინდომა.
დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, მანაფორტს გრძელვადიანი პატიმრობა ემუქრება.
მანაფორტისთვის წაყენებულ ბრალეულობებს შორისაა გადასახადებზე თავის არიდება, მილიონობით დოლარის შემოსავლის და უცხოეთში გახსნილი საბანკო ანგარიშების დამალვა, საბანკო კრედიტების უკანონო გზით მოპოვება და სხვა. მას ბრალი ვაშინგტონში დანიშნულმა სპეციალურმა გამომძიებელმა - რობერტ მალერმა წაუყენა, რომელიც დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიის რუსეთთან სავარაუდო თანამშრომლობას იძიებს.
Facebook Forum