შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნოემბრის შუალედურ არჩევნებში „რუსეთი დემოკრატებს დაუჭერს მხარს“.
სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ პრეზიდენტმა დაწერა, რომ ძალიან შეწუხებულია იმით, რომ "რუსეთი შეეცდება მომავალ არჩევნებზე გავლენა იქონიოს“.
ტრამპი, ამავდროულად, ამტკიცებს, რომ რუსეთის მიმართ მასზე მკაცრი არც ერთი პრეზიდენტი ყოფილა „ისინი [რუსები] ძალიან შეეცდებიან დემოკრატებმა გაიმარჯვონ, მათ ტრამპი არ აწყობთ“.
ტრამპის განცხადება, რომ 6 ნოემბრის შუალედურ არჩევნებში რუსეთი დემოკრატების სასარგებლოდ ჩაერევა ეწინააღმდეგება ამერიკის სადაზვერვო სამსახურების დასკვნას, რომლის მიხედვითაც, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთი დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ერეოდა.
2018 წლის 6 ნოემბერს, ამერიკელები წარმომადგენელთა პალატის მთელ შემადგენლობას - 435 წევრს და სენატის ერთ-მესამედს აირჩევენ.
გასულ კვირას, ჰელსინკიში, რუს კოლეგასთან შეხვედრაზე ტრამპმა პუტინის შეხედულება გაიზიარა და თქვა, რომ ვერ ხედავს მიზეზს რატომ უნდა ჩარეულიყო რუსეთი ამერიკის არჩევნებში.
ვაშინგტონში დაბრუნების შემდეგ პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ეთანხმება ამერიკის უშიშროების სამსახურების დასკვნას. თუმცა, მალევე, მან არჩევნებში რუსეთის ჩარევაში ყოფილი პრეზიდენტი ბარაკ ობამა დაადანაშაულა. მისი თქმით, ობამამ საკმარისი ზომები არ მიიღო ამ ჩარვის თავიდან ასაცილებლად.
უსაფრთხოების წამყვანი ამერიკელი სპეციალისტები ამბობენ, რომ რუსეთი ისევ შეეცდება ნოემბერში საარჩევნო პროცესში ჩარევას, ტრამპის ადმინისტრაცია კი პირობას დებს, რომ ამ მცდელობას შეაჩერებს.
ამჟამად, კონგრესის ორივე პალატას რესპუბლიკელები აკონტროლებენ, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ნოემბრის არჩევნებში დემოკრატებს შანსი აქვთ უმრავლესობა რომელიმე პალატაში მოიპოვონ. სენატში უმრავლესობის მოსაპოვებლად, დემოკრატებს 2 ადგილის, წარმომადგენელთა პალატაში კი - 23 ადგილის მოპოვება სჭირდებათ.
რესპუბლიკური უმრავლესობის მიუხედავად, პრეზიდენტი ტრამპი ყოველთვის ვერ ახერხებს თავისი ინიციატივების კონგრესში გატანას. თუკი დემოკრატები კონგრესში უმრავლესობის მოპოვებას შეძლებენ, არსებობს მოსაზრება, რომ ისინი პრეზიდენტის წინააღმდეგ გამოძიებას დაიწყებენ და მისი იმპიჩმენტის საკითხს დააყენებენ.
Facebook Forum