პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუს კოლეგას ვაშინგტონში ეპატიჟება. პრეზიდენტები პირისპირ პირველად ჰელსინკიში 16 ივლისს შეხვდნენ. მეორე შეხვედრაზე საუბარი კი ჰელსინკის სამიტიდან სამ დღეში დაიწყო, როცა ამერიკული მედია საშუალებები ჯერ ისევ ჰელსინკის სამიტის შედეგებს განიხილავს, რომელსაც მკაცრი კრიტიკა და დიდი დაბნეულობა მოჰყვა.
თეთრი სახლის პრეს-სპიკერი სარა ჰაკაბი სანდერსი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.
ჰელსინკის სამიტზე ამერიკული უშიშროების სააგენტოებისგან განსხვავებული აზრის გაჟღერებისთვის პრეზიდენტ ტრამპს დემოკრატები და რესპუბლიკელები ერთნაირად აკრიტიკებენ. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე ტრამპმა პუტინის ვერსია გაიზიარა და თქვა, რომ „ვერ ხედავს მიზეზს, თუ რატომ უნდა ჩარეულიყო რუსეთი“ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში.
ვაშინგტონში ჩამოსვლის შემდეგ, პრეზიდენტმა ეს განცხადება უარყო „მე ვთქვი, რომ არ ვხედავ მიზეზს, თუ რატომ უნდა ჩარეულიყო რუსეთი, უნდა მეთქვა - ვერ ვხედავ მიზეზს თუ რატომ არ უნდა ჩარეულიყო რუსეთი“, განაცხადა შინ დაბრუნებულმა ტრამპმა.
„თუ არ ვიტყვით, რომ პრეზიდენტმა არასწორი რამ თქვა, ნიშნავს, რომ მას ვუჭერთ მხარს“, ამბობს რესპუბლიკელი სენატორი ჯეფ ფლეიკი.
დემოკრატები ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდიან.
„თუ შესაფერის ზომებს არ მივიღებთ, ამერიკელი ხალხი, შეიძლება, არ ენდოს მომდევნო არჩევნების შედეგებს“, აცხადებს დემოკრატი კონგრესმენი ჯეროლდ ნედლერი.
ამერიკის შიდა უსაფრთოების მდივანი აცხადებს, რომ არსებობს იმის საფრთხე, რომ რუსეთი ნოემბრის შუალედურ არჩევნებშიც ჩაერევა.
„ყველანი მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ისინ ამას [არჩევნებში ჩარევას] ისევ გაიმეორებენ“, განაცხადა კირსტენ ნილსენმა.
წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის სპიკერი ნენსი პელოსი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ხელიდან გაუშვა შანსი, პუტინისთვის პასუხი მოეთხოვა:
„პუტინი ტრამპით მანიპულირებს, ჰელსინკიში ეს ძალიან კარგად გამოჩნდა“, ამბობს პელოსი.
რუსეთის პრეზიდენტმა ჰელსინკიში გამართულ სამიტს „წარმატებული“ უწოდა.
Facebook Forum