ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ორშაბათს განაცხადა, რომ მას არაფერი დაუთმია რუსეთის პრეზიდენტისთვის გასული კვირის შეხვედრისას ჰელსინკიში. თუმცა, მათი პირისპირ შეხვედრის კვლავ ძალიან ცოტა დეტალია ცნობილი.
"ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობდით ორი ქვეყნის ურთიერთობის სარგებელზე", - დაწერა ტრამპმა "ტვიტერზე" და დასძინა: "ასევე, ჩვენ კარგად გავუგეთ ერთმანეთს, რაც არის ძალიან კარგი რამ, ოღონდ არა კორუმპირებული მედიისთვის".
მან კვლავ დაადანაშაულა წამყვანი მედიასაშუალებები ყალბი ახალი ამბების გავრცელებასა და იმაში, რომ ისინი პუტინთან მის შეხვედრაზე უარყოფითად საუბრობენ.
გასულ კვირას ჰელსინკიში ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს შეხვდნენ და დახურულ კარს მიღმა, მხოლოდ თარჯიმნების თანდასწრებით, ორ საათზე მეტხანს ისაუბრეს. ტრამპის რამდენიმე შემდგომი განცხადების თანახმად, მათ ისაუბრეს 2016 წელს რუსეთის მიერ ამერიკის არჩევნებში ჩარევის, ასევე გლობალური ტერორიზმის შეჩერების, ისრაელის უსაფრთხობის, ბირთვული იარაღის, ასევე 2014 წელს მოსკოვის მიერ ყირიმის ანექსიის, კიბერთავდასხმების, ვაჭრობის, ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის, ჩრდილო კორეის ბირთვული პროგრამისა და სხვა არაერთი საკითხის შესახებ.
უცნობია, რა გადაწყვიტეს, ან რაზე შეთანხმდნენ პრეზიდენტები ამ შეხვედრაზე. გასული კვირის ბოლოს ტრამპმა ვლადიმიტ პუტინი რამდენიმე თვის შემდეგ, თეთრ სახლში დაპატიჟა, რამაც ვაშინგტონში კრიტიკა გამოიწვია.
Facebook Forum