ამერიკის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების მრჩეველი ჯეიკ სალივანი მომავალ კვირას ალასკაში ჩინელ კოლეგებს შეხვდებიან. ეს ორი ქვეყნის ამ რანგის ოფიციალური პირების პირველი შეხვედრა იქნება მას შემდეგ, რაც ამერიკის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა.
სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ბლინკენი და სალივანი ჩინეთის წარმომადგენლებს, 18 მარტს, ანქორაჟში, ალასკაში შეხვდებიან. ამ შეხვედრამდე ენტონი ბლინკენი რეგიონში შტატების ახლო მოკავშირეების იაპონიისა და სამხრეთ კორეის წარმომადგენლებთანაც გამართავს შეხვედრებს. ჩინელ კოლეგებთან საუბრის თემები კი მრავალფეროვანი იქნება.
"ეს არის მნიშვნელოვანი შესაძლებლობა ჩვენთვის, რომ გულწრფელად გამოვხატოთ ყველა ის შეშფოთება, რაც პეკინის ქმედებებთან დაკავშირებით გვაქვს. ეს შეშფოთება ეხება ამერიკის შეერთებული შტატებისა და მისი პარტნიორების, მოკავშირეების უსაფრთხოების, კეთილდღეობისა და ღირებულებების წინააღმდეგ არსებულ გამოწვევებს", - უთხრა ენტონი ბლინკენმა ამერიკელ კანონმდებლებს ოთხშაბათს, როდესაც წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე წარდგა.
ბევრ სხვა საკითხთან ერთად, ბლინკენი აპირებს, რომ ჩინელ კოლეგებთან ხელისუფლების მიერ უიღურ მუსლიმებთან მოპყრობის საკითხიც განიხილოს, ამერიკა ამ ქმედებებს გენოციდად და კაცობრიობის წინაშე დანაშაულად მიიჩნევს. თუმცა ჩინეთის ხელისუფლება უარყოფს ადამიანის უფლებების შეზღუდვა-დარღვევასთან დაკავშირებულ ბრალდებებს.
Facebook Forum