ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კვლევა: აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსით საქართველო, მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ, მესამე ადგილზეა


„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ მიერ განახლებული ინდექსის მიხედვით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანას შორის, 0.63 ქულით, საქართველო მესამე ადგილს იკავებს. 24 იანვარს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, საქართველოს წინ პირველი ადგილით მოლდოვა უსწრებს, შემდეგ უკრაინა. მეოთხე, მეხუთე და მეექვსე ადგილებს კი, შემდეგი ამ თანმიმდევრობით, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი იკავებს.

“როგორც დემოკრატიისა და კარგი მმართველობის კუთხით, ასევე პოლიტიკის დაახლოების კუთხით, საქართველომ მნიშვნელოვანი პოზიციები დაკარგა“, - ნათქვამია საქართველოს შესახებ კვლევაში, რომელიც რამდენიმე ძირითადი მიმართულების, - დემოკრატიის, კარგი მმართველობის და კანონის უზენაესობის, პოლიტიკის ევროკავშირთან დაახლოებისა და მდგრადი განვითარების შეფასებას ეფუძნება.

კვლევაში ნათქვამია, რომ ბევრ სფეროში, საქართველოს მაჩვენებლები თუ მკვეთრი დაცემით არა, მნიშვნელოვანი კლებით ხასიათდებოდა, რაც ქვეყანაში პოლიტიკურ პოლარიზაციას ასახავს.

„მნიშვნელოვანი კლება მოხდა ინდექსის თითქმის ყველა თემატურ სფეროში“, - ამბობს კვლევა და ამ სფეროებში მიუთითებს დემოკრატიულ უფლებებს, არჩევნებს და პოლიტიკურ პლურალიზმს, კორუფციასთან ბრძოლას, ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებს, სახელმწიფოს ანგარიშვალდებულებას, დამოუკიდებელ მედიას, სახელმწიფო მმართველობას, საბაზრო ეკონომიკას, თავისუფლებას, უსაფრთხოებას და სამართლიანობას, გარემოსდაცვით და კლიმატის პოლიტიკას, - გარდა შეკრების თავისუფლებისა.

დიქტატურები თუ ავტოკრატიული რეჟიმები ერთმანეთისგან სწავლობენ, ჩვენ ეს საქართველოშიც ვნახეთ
ალექსანდრა საბუ

აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის დადგენაზე, „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ გუნდმა, ადვოკატირებისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის მენეჯერის, ალექსანდრა საბუს ხელმძღვანელობით იმუშავა.

„დიქტატურები თუ ავტოკრატიული რეჟიმები ერთმანეთისგან სწავლობენ, ჩვენ ეს საქართველოშიც ვნახეთ“, - ამბობს საბუ ამერიკულ გამოცემა „პოლიტიკოსთან“ საუბრისას.

გამოცემასთან საუბრისას, საბუ საქართველოს ხელისუფლების მიერ, „უცხოეთის აგენტის“ კანონის მიღების მცდელობის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ ეს იყო „ერთგვარი კოპირება რუსეთისგან, გარკვეული.. ადგილობრივი ელემენტებით - მაგრამ, მსგავსება ცხადი იყო.“

„ეს იმ დაინტერესებულ პირთა წრეა, რომელიც მუდმივად საქართველოს საწინააღმდეგოდ მუშაობს, მათ შორის, ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. არსებობს კიდევ მეორე – არაქართველების მიერ გაკეთებული განცხადება. ევროკომისიამ 8 ნოემბერს ანგარიში წარადგინა, სადაც პირდაპირ წერია, რომ საქართველო არის ლიდერი, წინ არის სხვა კანდიდატ ქვეყნებთან შედარებით და, აქედან გამომდინარე, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსის მიღებას. მსოფლიოს წამყვანი ორგანიზაციები, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი, „ჰუმან რაითსი“ და ა.შ. რასაც ეყრდნობა პოლიტიკის დაგეგმვა და ხედვა, ყველა ორგანიზაციის შეფასებით, საქართველო არის არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებზე წინ, არამედ რამდენიმე ფუნდამენტური მიმართულებით საქართველო ლიდერია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. საქართველომ სტატუსი დამსახურებაზე დაფუძნებით მიიღო. თავის დროზე, როცა საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად სტატუსი არ მისცეს, ეს იყო პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე და არ ეფუძნებოდა ობიექტურ კრიტერიუმებს. ამ ობიექტურ კრიტერიუმებზე თვალის დახუჭვა შეუძლებელი გახდა და რეალობას ნათელი მოეფინა ევროკომისიის დასკვნით – საქართველო უპირობო ლიდერია. ისევ ქართველების მიერ ქართველების საწინააღმდეგოდ ნამოქმედარზე აქვთ აჟიოტაჟი, თუმცა ამას ქართველი ხალხი უკვე მიჩვეულია“, – კვლევასთან დაკავშირებით, საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის კომენტარს, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის“ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, კვლევის ავტორებმა, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის მხარდაჭერითა და სხვადასხვა ქვეყნის 65 ადგილობრივი ექსპერტის გამოცდილებით იხელმძღვანელეს. საქართველოდან ამ ექსპერტებს შორის დასახელებული არიან კახა გოგოლაშვილი, გელა კვაშილავა, კორნელი კაკაჩია, თამარ ხიდაშელი და სხვები.

მმართველი პარტიის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმა.

„საქართველოს ეროვნული პლატფორმა შეშფოთებით აკვირდება ქართული ოცნების წარმომადგენლების, საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ, პლატფორმის წევრი ორგანიზაციის – „სამოქალაქო იდეა – ინიციატივა დემოკრატიული, ევრო-ატლანტიკური არჩევანისთვის“ კამპანიურ დისკრედიტაციის მცდელობას. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ამ კონტექსტში მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ე.წ. ,,აგენტების შესახებ კანონის“ არმიღებაზე წუხილი და აქცენტირება“, - ნათქვამია პლატფორმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

XS
SM
MD
LG